ქართული ენის უპატივცემულობა და კანონის მასობრივად დარღვევის ფაქტები გუდაურში
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 17:35
ქართული ენის უპატივცემულობა და კანონის მასობრივად დარღვევის ფაქტები გუდაურში

კურორტ გუდაურში „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს სასტუმროებისა და კვების ობიექტების უმეტესობა არღვევს, მაგრამ პასუხს მათ არავინ სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, „კლუბ 2100“-ს, რომელიც ძველ გუდაურში 2013 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც სახურავზე, ასევე ეზოში ცენტრალური გზის მხრიდან დიდი სარეკლამო წარწერა აქვს – Hotel Restaurant CLUB-2100, მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

„არ ვიცოდით, რომ სავალდებულოა ქართულ ენაზეც გვქონდეს სარეკლამო წარწერა. სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებთან გვიხდება ურთიერთობა, მათ შორის გამგეობასთანაც, მაგრამ ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. როგორც კანონი ითხოვს, აუცილებლად მოვიყვანთ შესაბამისობაში“, – უთხრა „მთის ამბებს“ კლუბის მენეჯერმა სოფო ხომასურიძემ.

ცენტრალური გზის მხრიდან სამი სარეკლამო წარწერა აქვს გუდაურში მდებარე სასტუმრო „თრუსოს“. აქედან სახელწოდება „თრუსო“ ქართულ ენაზე, მხოლოდ პირველ სართულზე, კედელზე მიმაგრებულ სარეკლამო აბრაზეა შესრულებული. სასტუმროს მენეჯერი თეონა ქუთათელაძე ამბობს, რომ რეკლამის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესახებ არ იცოდა. „არც არავის მოუმართავს ამ საკითხზე, არც გაფრთხილება მიგვიღია. მეც ვფიქრობ, ქართულენოვანი წარწერა აუცილებლად უნდა გვქონდეს და უახლოეს პერიოდში გამოვასწორებთ“, – აღნიშნა სასტუმრო „თრუსოს“ მენეჯერმა.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი 1998 წლიდან მოქმედებს. კანონის მოთხოვნაა, რომ ნებისმიერი სარეკლამო წარწერა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა გავრცელდეს ქართულ ენაზე. ამასთან, აბრაზე წარწერა, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება უცხოურ ენაზეც შესრულდეს, ოღონდ იმ პირობით, რომ უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას. ამავე კანონით, ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.

სარეკლამო აბრის განთავსების წესების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.

ტეგები