ლიბიაში დაკავებული ერთ-ერთი მეზღვაური გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 22:14
ლიბიაში დაკავებული ერთ-ერთი მეზღვაური გაათავისუფლეს

ლიბიაში დაკავებული მეზღვაური, ნუკრი ხოხბა პატიმრობიდან გათავისუფლდა და იგი საქართველოში დღეს, 13 მარტს დაბრუნდა. ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ნუკრი ხოხბას გათავისუფლების საფუძველი გახდა ბრალდების ნაწილში ხომალდის ეკიპაჟის რიგითი წევრების ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა, რომელთა შორის იყო ქართველი მეზღვაურიც. კაპიტნისა და თანაშემწის საქმე გადაეცა საბრალდებო პალატას და გაგრძელდება სასამართლო ძიება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ ლიბიაში პატიმრობაში დარჩენილი სამი ქართველი მეზღვაურის გათავისუფლებაზე.

პროცესში ჩართულია, როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს მისიები, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ასევე პარტნიორი ქვეყნების საელჩოები.

ხვალ ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაგეგმილია შეხვედრა ნუკრი ხოხბასთან. შეხვედრას დაესწრებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.

ქართველი მეზღვაურები ლიბიაში საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 2017 წლის აგვისტოში დააკავეს. ლიბიის ქალაქ ტაჯურას ციხეში რომან კაკალაძე, და გენადი კომახიძე რჩებიან.

ტეგები