„200 ძირი ხის გაჩეხვა ეკოლოგიური კატასტროფა არაა“ - ნინო ჩხობაძე
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 14:05
„200 ძირი ხის გაჩეხვა ეკოლოგიური კატასტროფა არაა“ - ნინო ჩხობაძე

„200 ძირი ხის გაჩეხვა ეკოლოგიური კატასტროფა არაა. სოფელ კვირიკეში გაჩეხილი ხეები რომ ენდემური ჯიშები ყოფილიყო, მაშინ სერიოზული პრობლემა იქნებოდა“, ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ “მეტრონომთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“ხეების გადატანასთან დაკავშირებით, ეკოლოგიური პრობლემა არ იქმნება. ამიტომ, გარემოსდაცვითი “ენჯეოები” ხეების გადატანის პროცესს ვერ გააპროტესტებენ. თუმცა, უაზრო გაჩეხვა სხვა საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ იქ საუბარი იყო აბორიგენულ სახეობებზე, მე ამას არ ვეთნხმები, მე ვეთანხმები ენდემურ სახეობებს. ნამდვილად არა ენდემური სახეობები იყო, ეს ჩვენი ენდემები არ არის. ეს რომ იყოს წითელი ნუსხის სახეობა, ეს რომ იყოს ეკოსისტემის შემქმნელი, მაშინ სერიოზული პრობლემა იქნებოდა.

მე ვერ წარმომიდგენია ხეების გადამტანი კომპანია დამატებით ხეებს რატომ ჩეხავენ. დარწმუნებული ვარ კომპანიას მაგის ნებართვა არ ექნებოდა. დიდი და პატარა პრობლემის ხეები არ არსებობს. ეკოლოგიური კატასტროფას რომ არ გამოიწვევს ხეების გადატანისას გაჩეხილი ხეები ნამდვილად ვიცი. ტყეებში იმდენი ხეები იჩეხება, რომ ეს ნამდვილად ეკოლოგიური კატასტროფაა. რაც შეეხება კონკრეტულ მონაკვეთს, ამან შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფა არ გამოიწვიოს, მაგრამ გადატანის დროს ხეების ასე უკანონო ჭრა ცუდია. კომპანიას სწორად არ აქვს დაგეგმილი სამუშაოები. მთელ თბილისში იმდენი ხე გაიჩეხა და ამ ყველაფერს მოყვა პროტესტი. ახლაც მაქვს შინაგანი პროტესტი. ხეების გადატანის დროს გაჩეხილი ხეებით ეკოლოგიური კატასტროფა არ მოხდება. ეკოლოგიური კატასტროფა მაშინ იქნება, როდესაც საქართველოში ბოლომდე გაიჩეხება ხეეები.

როდესაც 200 ძირ ხეზეა საუბარი, ეს ეკოლოგიურ კატასტროფას ვერ გამოიწვევს. კვირიკეში გაჩეხილი ხეები ენდემური სახეობები არ იყო, მაგრამ ვიზუალური ზიანიც ზიანია. კომპანია, რომელსაც გადატანა შეუკვეთეს არაპროფესიონალია. იმის ნაცვლად, რომ ერთი გადაიტანოს, ასს ჭრის. მინდა დამკვეთამდე მივიდეს, რომ კომპანია არაა პროფესიონალი”, – განაცხადა ჩხობაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ კვირიკეში მცხოვრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა სოციალურ ქსელში გაჩეხილი ხეების ფოტოები გამოაქვეყნა. ხარაზის მტკიცებით, სოფელში ხეები იმის გამო გაჩეხეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხე დენდროლოგიურ პარკში უპრობლემოდ გადაეტანა.

ტეგები