გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 19:22
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონის პროექტზე და თანმდევ კანონპროექტებში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, ცხოველთა უფლებების კომიტეტის, ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრის, უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების, აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკის, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის, სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციულ საკითხებზე და სამომავლო მუშაობის ფორმატი განსაზღვრეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას წინადადებით, სამუშაო ჯგუფს ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პარლამენტში ორი კანონპროექტია შემოსული, რომელთაც განსხვავებების მიუხედავად, ბევრი რამ საერთო აქვს. ანალოგიური კანონპროექტი ასევე ინიცირებული იყო წინა მოწვევის პარლამენტში, რომელშიც საკომიტეტო მოსმენების დროს გამოთქმული შენიშვნების უმრავლესობა აისახა, თუმცა, კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე არ განხილულა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საბაზისოდ აიღონ კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი, რომელზეც სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას.

კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, კანონის მთავარი მიზანი უნდა იყოს, კომპანიონი ცხოველების დაცვა მაქსიმალურად შესაძლებელი გახდეს. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამუშაო ჯგუფში კონსტრუქციული დიალოგი კანონპროექტზე მოსაზრებების მაქსიმალურად შეჯერებას შეუწყობს ხელს.
 

ტეგები