სახალხო დამცველი შეშფოთებულია ვალეში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 19:29
სახალხო დამცველი შეშფოთებულია ვალეში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი შეშფოთებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით. ომბუდსმენის ოფისი საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"როგორც ცნობილი გახდა, 12 მარტს, ვალეში მდებარე სალოცავის გვერდით, დაუდგენელმა პირმა (პირებმა) დაწვეს კათოლიკური ლიტერატურა და ხატები.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა ქალაქ ვალეს მოსახლეობას, ასევე, ადგილობრივი რელიგიური გაერთიანებების წინამძღვრებს და მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ცნობილია, რომ აღნიშნული სალოცავით სარგებლობენ როგორც მართლმადიდებლები, ისე კათოლიკეები.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე. მათ დაგმეს მომხდარი ვანდალური ფაქტი და ისაუბრეს გამოძიების აუცილებლობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ მომხდარზე დროულად დაიწყო გამოძიება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გამოძიება მინდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით, რაც რელიგიური გაერთიანების საქმიანობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტურად წარმართოს და დროულად დაასრულოს საქმის გამოძიება, რეგულარულად აწარმოოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა ყოფილა რელიგიურ ნაგებობაზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის. მსგავს ფაქტებს განსაკუთრებით, ადგილი აქვს უმცირესობების წინააღმდეგ.

სახალხო დამცველი არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ საქართველოში რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის პრინციპები იყოს დაცული", - მათქვამია განცხადებაში.

ტეგები