საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2018 17:56
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროქტები  პირველი მოსმენისთვის განიხილა.

როგორც კანონპროექტების ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, კახაბერ კუჭავამ განაცხადა, ხუთი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის მიზანია მაქსიმალურად განტვირთოს და უფრო მოწესრიგებული გახადოს საგზაო მოძრაობა დედაქალაქში.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს თბილისის მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრას საავტომობილო მოძრაობის სფეროში, კერძოდ: გასცეს ნებართვა მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანაზე, დაადგინოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ავტობუსები გაჩერდებიან მხოლოდ გაჩერებებზე წარმოდგენილი ცვლილებებით,  თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება; დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევა გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერებისთვის ან დგომის წესის დარღვევისთვის გათვალიწინებულია 50-ლარიანი ჯარიმა; მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის განხორციელებაზე უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია 200-ლარიანი ჯარიმა.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკითხის ირგვლივ დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები. კანონპროექტების ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, კახაბერ კუჭავამ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს შემოთავაზებული ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი,  პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა გოგა გულორდავამ  წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირად საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე განისაზღვრა.

მისივე განცხადებით, აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის დაწესების გამო, მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი, რომლის შესაბამისად, კანონის N 4.1 ცხრილს ემატება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი განისაზღვრება 3.0 კოეფიციენტით, ხოლო N4.2 ცხრილს დაემატება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2.0 კოეფიციენტის ზედა ზღვრით.

დღესვე კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ტეგები