ავლაბარში ისტორიული მოაჯირის აღდგენა იგეგმება
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2018 20:23 · 33 ნახვა
ავლაბარში ისტორიული მოაჯირის აღდგენა იგეგმება

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ავლაბრის ისტორიულ ნაწილში, ტურისტულად აქტიურ ზონაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ბარათაშვილის აღმართთან მდებარე გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, ძველი ისტორიული მოაჯირი ავარიულ მდგომარეობაშია და აღდგენას საჭიროებს. ასევე, დაზიანებულია ბარათაშვილის აღმართიდან ამავალი კიბე, რომლითაც ტურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები სარგებლობენ.

„უძველესი მოაჯირი, რომელიც ტურისტულ მარშრუტზე გადის, სავალალო მდგომარეობაშია და გამვლელებისთვის ფაქტობრივად, საფრთხეს წარმოადგენს. უახლოეს პერიოდში, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ტენდერს გამოაცხადებს, რის შემდეგაც, მოაჯირის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ქალაქის ისტორიული ნაწილის შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, მსგავსი ღირებული პროექტების განხორციელებას ხელს შევუწყობთ", - განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა.

ავლაბარში, კახა ლაბუჩიძე ძველ თბილისურ ეზოებში მცხოვრებ ოჯახებსაც შეხვდა და სხვადასხვა აქტუალური საკითხები განიხილა.
 

ტეგები