სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრების სამუშაო შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2018 20:32 · 20 ნახვა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრების სამუშაო შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზხრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან გამართულ შეხვედრაზე განათლების სისტემაში სპორტის კომპონენტის გაფართოების შესახებ ისაუბრეს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმამინისტრს კომიტეტის ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო და დაინტერესდა ამ მიმართულებით განათლების სამინისტროს ხედვით. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, „საქართველოს მოსახლეობის 20%-ს ახალგაზრდობა წარმოადგენს. მრავალი გამოწვევა არსებობს ამ სფეროში, რასაც ახალგაზრდების ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარება ჰქვია და ეს გამოწვევები ერთად უნდა დავძლიოთ. სწორედ ამიტომ გვინდა მოვისმინოთ თქვენი გეგმებისა და ხედვების შესახებ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ სპორტი ჩვენი სამინისტროს იურისდიქციაში არ შედის, მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სკოლაში, პროფესიულ კოლეჯში და უნივერსიტეტებში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც განათლების მიღებას. ჯანმრთელობის გარდა ეს დაკავშირებულია ყველაზე მთავარ გამოწვევასთან რაც ჩვენს სფეროში გვაქვს, ეს არის ძალადობისა და აგრესიის საკითხი მოზარდებში“, -განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. მან ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გეგმებზე ამ მიმართულებით.

კომიტეტის წევრებმა თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს მინისტრს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი, ირინა ფრუიძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა ეროვნული კონსულტანტი (UNDP) ანატოლი კორეპანოვი.​
 

ტეგები