ვინ იყო გამხდარი, კაპიშონიან ზედატანში ჩაცმული უცნობი ბიჭი, რომელიც მოზარდების მოკვლელობის საქმეში ფიგურირებს
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2018 22:07
ვინ იყო გამხდარი, კაპიშონიან ზედატანში ჩაცმული უცნობი ბიჭი, რომელიც მოზარდების მოკვლელობის საქმეში ფიგურირებს

ტელეკომპანია “მაესტროს“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული მორიგი ჩვენება, 51-ე სკოლის უმცროსკლასელს ეკუთვნის, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პირაპირი მოწმეა.

მოსწავლე თავის ჩვენებაში ყვება, როგორ დაიწყო კონფლიქტი სკოლის საპირფარეშოში და რატომ გაგრძელდა მოგვიანებით ხორავას ქუჩაზე. ჩვენება, რომელიც არასრულწლოვანმა საქმის გამომძიებელს მისცა პირველი დეკემბრით თარიღდება.

ჩვენებაში იმ არასრულწლოვანზეც არის საუბარი ვინც დღეს სასამართლოზე მოწმის სტატუსით დაიკითხა, რომელიც როგორც მონაყოლიდან ირკვევა საპირფარეშოს ინციდენტში აქტიურად მონაწილეობდა.

“ვიდექით ზურგით, იარაღიდან ესროლეს ა. ს.-ს, ამასთან ერთად ა. ს.-ც მიტრიალდა და მათ უთხრა, რას შვებით რაებს აკეთებთო და დ.-ს დაუწყო კამათი, უძაბავდა, რა დროსაც იქვე მყოფმა დ. ღ.-მ „პადრუჩკი“ გაუკეთა, ერთი წუთი რას ბლატაობ წამომყევიო და გაიყვანა გარეთ დერეფნისკენ, რის შემდეგაც მე გარეთ გამიყვანა დ.ნ.-მ -მითხრა წამო რას ბლატაობ, იქეთ ვისაუბროთ აქ პრობლემები შემქმნებაო, რაზედაც მე ვუთხარი ,რომ გარეთ რომ ვისაუბროთ იქ არ შეგექმნება პრობლემები მეთქი, რის შემდგომაც მაინც გავყევი და ავედით მეორე სართულზე სადაც დაძაბული ტონით დავიწყეთ ერთმანეთში საუბარი“, - წერია ჩვენებაში.

თვითმხილველის თქმით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ფლობდა მანდატური, რომელმაც მალევე აღნიშნული სკოლის სასწავლო ნაწილს, თინიკო ყენიას შეატყობინა.

“ის მექაჩებოდა. ამ დროს დაძაბულ საუბარზე მოვიდა მანდატური, რომელმაც გვითხრა, რომ დაწყნარდით და დაბლა ჩადითო, ჩვენც დავმშვიდდით და ჩავედით დაბლა სადაც პირველ სართულზე, დერეფანში დავინახე რომ ერთად იყვნენ დ. ღ. ჩემი ძმაკაცი ა.ს. და მათთან ერთად იყო ასევე დ.ნ. -ის კლასელი დ. ს. ამის შემდგომ, როდესაც დამთავრდა მესამე გაკვეთილი, ჩემთან მოვიდა მანდატური და მითხრა, რომ სასწავლო ნაწილს თინიკო ყენიას სურდა ჩემთან საუბარი, რის გამოც წავყევი მას. როდესაც ავედი ქალბატონ თინიკოსთან მკითხა, თუ რა მოხდა. მე ვუთხარი რომ არაფერი, უბრალოდ, საუბარი მქონდა ერთ პიროვნებასთან და დავამთავრეთ ყველაფერი მეთქი, მან მითხრა, რომ ვიცი ვისთანაც გქონდა კამათი - კამერები ვნახეო, აღნიშნულზე მე ვუპასუხე, რომ თუ კი იცით, მასთან მქონდა უბრალოდ საუბარი და ყველაფერი დამთავრდა მეთქი, მე სახელი არ მიხსენებია“, - ნათქვამია ჩვენებაში, თუმცა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, სკოლის დირექცია რეაგირებას მოახდენდა.

ამავე არასრულწლოვნის ჩვენებაში კიდევ ერთი, ინცინდენტში შესაძლო მონაწილის არსებობა იკვეთება, რომელიც გამოძიების მასალებში არ ფიგურირებს.

“ჩხუბის დროს გავიგონე ხმა, დაიჭრაო, ვინ დაიძახა ვერ ვიხსენებ, აღნიშნულ შეძახილზე გავიხედე და დავინახე, რომ ვიღაც ჩემთვის უცნობ ბიჭს, რომელიც იყო გამხდარი, ეცვა შავი ფერის კაპიშონიანი ზედატანი, ასევე დაბალი თმები ჰქონდა, ხელები ჰქონდა სისხლიანი, მაგარამ ეს არი იყო მ.კ.-ის მეგობარი, რომელიც ზემოთ ვახსენე, ანუ რომელმაც დაიწყო დ.ს.-თან ჩხუბი. მეც და სხვებსაც შეგვეშინდა, თან ვიღაც ყვიროდა გაიქეცითო და მე გამოვვარდი გარეთ. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე ვიცნობდი ლ.დ.-ს , რომელიც მე ზემოაღნიშნული ჩხუბის დროს არ მინახავს, ასევე კითხვაზე გიპასუხებთ , რომ მე დ.ს. უკვე დაჭრილი არ დამინახავს, მე დ.ს. დავინახე ჩხუბის დროს , რომელიც იდგა მოჩხუბრებს შორის შუაში და დავიმახსოვრე მისი დიდი აღნაგობის გამო“, წერს თვითმხილველი.

ვინ იყო გამხდარი ე.წ კაპიშონიან შავ ზედატანში ჩაცმული არასრულწლოვანი, თუ ის ორი ბრალდებულიდან არცერთი არ იყო, ჯერ უცნობია. თუმცა ჩვენების მოხედვით ის მოკლულ დავით სალარიძეს არ უპირისპირდებოდა. იმის მიუხედავად რომ მოწმეთა ჩვენებებში ბევრი სხვა მოზარდი იკვეთება საქმის პროკურორი ბრალდებულთა წრის გაზრდას გამორიცხავს. 

ტეგები