გუდაურის ყველა სათხილამური ტრასაზე, გარდა დაზიანებული საბაგიროს მონაკვეთისა, მოთხილამურეთა დაშვება ნებადართულია
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 10:47 · 172 ნახვა
გუდაურის ყველა სათხილამური ტრასაზე, გარდა დაზიანებული საბაგიროს მონაკვეთისა, მოთხილამურეთა დაშვება ნებადართულია

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით, გუდაურის ყველა სათხილამური ტრასაზე, გარდა დაზიანებული საბაგიროს მონაკვეთისა, მოთხილამურეთა დაშვება ნებადართულია. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ზაუტაშვილის თქმით, მას პირადად ჰქონდა კომუნიკაცია ადგილზე მყოფ ტურისტებთან და მათი უმეტესობა ადგილზე რჩება. 

მისივე თქმით, გუდაური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ტურისტების მიღებას და მათთვის სხვადასხვა სახის მომსახურება ჩვეულებისამებრ ხელმისაწვდომია. 

ადგილზე კვლავ იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის, მთის კურორტების განვითრების კომპანიისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები.

„ადგილზე იმყოფება სამაშველოი სამსახურის უფროსი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და ა.შ. ჩემს მიერ ჩამოთვლილმა ყველა ადამიანმა გავინაწილეთ სასტუმროები, რომლებიც აქტიურად არის დატვირთული ამ ეტაპზე. ტურისტები რჩებიან ადგილზე. მათი ვიზიტი გრძელდება. ამ დროისთვის ღამის სრიალი ყველა საბაგიროზე, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, გარდა იმ ერთისა, სადაც დღეს ეს უბედურება მოხდა“, - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

გუდაურში ინციდენტი გუშინ მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი შვედეთის, რუსეთის 6 და უკრაინის 4 მოქალაქე დაშავდა.

ტეგები