ომბუდსმენი ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 17:53
ომბუდსმენი ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი CiDA-ს დირექტორ ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "მედიამოლი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „ქალთა მოძრაობის“ განცხადებას, მის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატად ზვიად დევდარიანის დასახელების შესახებ.

როგორც სახალხო დამცველმა კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი კრიტერიუმები კანდიდატის დამოუკიდებლობა, გამოცდილება, მოტივაცია და პროფესიული კვალიფიკაცია იყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დღესდღეობით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტული იყო. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა განცხადებაში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და იგი კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ამ ეტაპზე სამართლებრივად დადასტურებული არ არის, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე", - წერია განცხადებაში.

დღეს დილით, ქალთა მოძრაობამ საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს მიმართა. მოძრაობამ პარლამენტს მოუწოდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ აირჩიოს ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ზვიად დევდარიანი. ქალთა მოძრაობა მას  სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში ადანაშაულებს. განცხადებიდან რამდენიმე საათში ზვიად დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ტეგები