თამარ ჩუგოშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 18:47
 თამარ ჩუგოშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

პარიზში, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილისაფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პირველ ვიცე-პრეზიდენტ კაროლ ბუნო ბონარს  შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის არაერთი პრიორიტეტული საკითხი. თამარ ჩუგოშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საფრანგეთს, ერთი მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, და მეორე მხრივ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ფრანგულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა თანამშრომლობის განმტკიცების კეთილი ნება და მზადყოფნა.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ფრანგულ მხარეს გააცნო ქვეყნის შიგნით განხორციელებული რეფორმები სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, რაც რჩება საქართველოს მთავრობის მთავარ გამოწვევად. თამარ ჩუგოშვილმა ფრანგ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის თაობაზე; ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებას, მათ შორის, ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით.

საუბარი ცალკე შეეხო უვიზო რეჟიმის კონტექსტში დადებითი დინამიკის შენარჩუნების კუთხით ინიცირებულ ნაბიჯებს. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა უფლებებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართულ ინიციატივებზე.


ფრანგული მხარე დაინტერესდა კონკრეტული სფეროებით, რა მიმართულებითაც პრიორიტეტულია პარტნიორობის გაძლიერება, მათ შორის, საგანმანათლებლო, ეკონომიკური თუ კულტურული თანამშრომლობის კუთხით.

​დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დიალოგის გაძლიერების საჭიროებას და შეთანხმდნენ კონსულტაციების გამართვაზე.

ტეგები