“ბიჭებისგან მოვისმინე, საქართველოში ცხოვრებას გერმანიის ციხე გვირჩევნიაო”
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 20:45 · 242 ნახვა
“ბიჭებისგან მოვისმინე, საქართველოში ცხოვრებას გერმანიის ციხე გვირჩევნიაო”

“ძალიან ბევრი სტატუსის მისაღებად არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას იმიზეზებს, მაგრამ მე ტყუილის თქმა არ მინდა და მოტივაციად პირდაპირ ჩავწერე ეკონომიკური მდგომარეობა”

2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა 1859 აპლიკაცია შევიდა. როგორც ევროპულ სააგენტოში აცხადებენ, ეს არის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ. მათი ინფორმაციით, საქართველოდან აპლიკანტების რაოდენობა 2017 წლის სექტემბრიდან გაიზარდა­ და 2018 წლის იანვრის მონაცემები 2017 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. იანვრის მონაცემებით, საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა ქვეყნების ექვსეულშია სირიის, ერაყის, ავღანეთის, ნიგერიისა და პაკისტანის შემდეგ… მხოლოდ იანვარში გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ და თითქმის ყველამ უარი მიიღო, შვედეთში კი მიმდინარე წელს საქართველოს 298-მა­­ მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნას გზავნიან თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, უმეტესობა მოტივად საქართველოში უმუშევრობასა და უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ პირობებს ასახელებს… “კვირის პალიტრა” უცხოეთში მცხოვრებ და ასევე თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს დაუკავშირდა.

“საქართველოში დაბრუნებაზე არც ვფიქრობთ”

მარიამ ბერაძე, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი: – 7 წელია მე და ჩემი ოჯახი აქ ვცხოვრობთ. ჩემს მეუღლეს ახლობელი­ ჰყავდა ბელგიაში და ჯერ მასთან ჩავედით, შემდეგ კი საფრანგეთში გადავედით და ლტოლვილებად ჩავბარდით. ეს იყო ძალიან მძიმე დღეები – ჩვენი შვილები პატარები იყვნენ, ტყუპი მყავს, და მესამეზე ფეხმძიმედ ვიყავი. თავშესაფრის მიღებამდე პარიზთან ახლოს, სოციალურ სახლში (ე. წ. პირველი­ თავშესაფარი) გად­აგვიყვანეს, სადაც უამრავი ხალხი დაგვხვდა. იქ რამდენიმე თვე ვცხოვრობდით. დღეში სამჯერ საკვები უფასოა, ყოველდღიურად ერთ კაცს 7 ევროს აძლევენ. შემდეგ ენის სწავლის უფლება მოგვცეს და სპეციალურ პროექტში ჩაგვსვეს, რაც ჩვენთვის ნამდვილი ზეიმი იყო, რადგან ვიცოდით, ეს უკვე თავშესაფრის სტატუსის მინიჭების წინა პირობა იყო.

– სხვა თავშესაფარში გადაგიყვანეს?
– დიახ, პარიზთან ახლოს, პატარა ქალაქ რუანში კოტეჯები იყო და იქ ორი ოთახი მოგვცეს, მაგრამ სამზარეულო საერთო­ გვქონდა. თავდაპირველად, მუდმივ მეთვალყურეობას გვიწევდა რუსულენოვანი სოცმუშაკი, ნდობის მოპოვების შემდეგ კი ქუჩაში გასვლისა და ქალაქის დათვალიერების საშუალება მოგვეცა. სპეციალური ყვითელი ან წითელი სამაჯურები გვქონდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიყენებდით – მასზე ყოველთვიურად სამგზავრო თანხა გვერიცხებოდა. ახლა თანხა უკვე ბარათზე გვერიცხება. ფრანგული ყველამ ვისწავლეთ, ბავშვები სკოლაში დადიან, მათ ხარჯებს კი სახელმწიფო ფარავს. სამწუხაროა, რომ მე და ჩემმა მეუღლემ მუშაობის უფლება ჯერ ვერ მოვიპოვეთ, არადა, წლების განმავლობაში მხოლოდ სოციალური დახმარების ხარჯზე ცხოვრება ძნელია. რამდენიმე თვის წინ ბინა გვიქირავეს, იქ უფრო კარგი პირობებია, ადგილი ჩვენ შევარჩიეთ. სოციალური შეღავათებითაც ვსარგებლობთ. ძველ თავშესაფარში ყველა ერთსა და იმავე დროს ვსადილობდით, გრძ­ელი მაგიდები იდგა და ჩვენ-ჩვენს ულუფას გვირიგებდნენ. ერთი დიდი სამრეცხაო იყო, სადაც ყველას სარეცხს ერთად რეცხავდნენ, აშრობდნენ, მერე ვარჩევდით და გვარების მიხედვით ახარისხებდნენ პარკებში. ეს ძალიან დამთრგუნველია… ჩემს მეუღლეს დეპრესია ჰქონდა და ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა.

არალეგალებს ოფიციალურად არ ასაქმებენ, ანუ კონტრაქტს არ უფორმებენ, ადგილობრივ მეწარმეებს მათი დასაქმების უფლება არა აქვთ, მაგრამ ვიღაცები მაინც რისკავენ. რამდენჯერმე ჩვენც წავიმუშავეთ… ეს ჩემი მეუღლისთვის აუცილებელი იყო, ისე ცუდად გახდა, საქართველოში დაბრუნებას მთხოვდა და სამუშაოს ცოტა გული გადააყოლა… ახლა ბავშვები სკოლაში დად­იან და ჩემს შვილებს მაინც ექნებათ ნორმალურად განვითარების საშუალება. საქართველოში დაბრუნებაზე არც ვფიქრობთ. ბოლო დროს უამრავი ქართველი გვიკავშირდება სოციალური ქსელებით – გვთხოვენ, თავშესაფრის მიღებაში დავეხმაროთ, ზოგმა რამდენიმე ათასი ევროც კი შემოგვთავაზა. არადა, საფრანგეთში დარჩენა ძალიან გართულებულია. როცა უარს მიიღებენ, ბევრი თავშესაფრის მაძიებელი იმალება, ან სხვა ქვეყანაში გადადის და იქ აგრძელებს თავშესაფრისთვის ბრძოლას… “ოფრას” (ფრანგული ორგანიზაცია, რომელიც თავშესაფრის მინიჭების სტატუსს განიხილავს) კართან ასეულობით ქართველი დგას.

“თუ თავშესაფარი არ მომცეს, აქედან მაინც არ წავალ!”

ნატა, გერმანიაში თავშესაფრის სტატუსის მომლოდინე ქართველი: – აქ შვილის ავადმყოფობამ ჩამომიყვანა. საქართველოში ყველანაირი კვლევა ჩავუტარეთ, თუმცა უშედეგოდ. სანამ ჩემი შვილის ანალიზების პასუხი იქნებოდა, სექტემბერში თავშესაფრის მოთხოვნით მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას. თუ არ მომცეს, აქედან მაინც არ წავალ! აქ ჩამოსული­ უკან აღარავინ ბრუნდება. ბიჭები ამბობენ, აქ ციხეში ყოფნაზეც კი არ ვიტყვით უარს, საქართველოში ცხოვრებას გერმანიის ციხე გვირჩევნიაო.

ჩვენი თავშესაფრის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. მე ყველა საბუთი წარვადგინე და განცხადების განხილვა გრძელ­დება. უარის შემთხვევაში გასაჩივრებაც შემიძლია. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავასაჩივრებ! ზოგჯერ ეს პროცესი წლები გრძელდება და ეს ძალიან მაწყობს… იქნებ­ რამე ეშველოს ჩემს შვილს, მეც სხვა არალეგალებივით სამსახურს ვიშოვი, მერე კიდევ გამოჩნდება რაღაც… უკვე რამდენიმე­ თვეა მე და ჩემი შვილი თავშესაფარში ვცხოვრობთ, მაგრამ იმაზე კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე საქართველოში, საკუთარ სახლში. მშვიდად­ ვარ და ხვალინდელი დღის იმედი მაქვს.

“თუ საფრანგეთში თავშესაფარს არ მომცემენ, სხვა ქვეყანაში გადავალ”

ირაკლი, საფრანგეთში თავშესაფრის სტატუსის მომლოდინე ქართველი: – ჩემი განცხადება 6 თვეში უნდა განიხილონ. საქმის გაჭიანურება აქ ყველა ქართველს აწყობს. ახლა ქალაქ დიჟონთან, ერთ გრძელ შენობაში ვცხოვრობთ და სტატუსის მინიჭებას ველოდებით. ყველა ოთახს თავისი­ სველი წერტილი აქვს, ოთახები სუფთა და კომფორტულია. პირველ სართულზე სოციალური მუშაკები ცხოვრობენ (ყველას თითო სოცმუშაკი მოგვიჩინეს). მეთვალყურეობას გვიწევენ და გვეხმარებიან საბუთების მოწესრიგებაში, საჩივრების დაწერაში,­ გვაკავშირებენ იმ ორგანიზაციებთან,­ რომ­ლებიც საკვებსა და ტანსაცმელს უფა­სოდ არიგებენ. თუმცა ბოლო დროს გაცემა­ შეზღუდულია, რადგან ყოფილა რამდენიმე­ შემთხვევა,­ როცა ბევრი წაუღიათ და გაუყი­დიათ. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში ქართველებიც მონაწილეობდნენ.

თავიდანვე გაგვაფრთხილეს, რომ ოთახებში სტუმრები არ შეგვეყვანა, მათთვის ცალკე მისაღები ოთახია, მაგრამ ღამე ვერ დარჩებიან. ყოველდღიურად სპეციალურ ბარათზე 6-7 ევრო მერიცხება. უფასოა მგზავრობაც. ძალიან ბევრი სტატუსის მისაღებად არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას იმიზეზებს, მაგრამ მე ტყუილის თქმა არ მინდა და მოტივაციად პირდაპირ ჩავწერე ეკონომიკური მდგომარეობა. თუ საფრანგეთში თავშესაფარს არ მომცემენ, სხვა ქვეყანაში გადავალ.

“ეს არის ტრაგედია… ასე იქმნება არასასურველი ქართველის პორტრეტი და ამაში ოსტატურად მონაწილეობს რუსეთი”

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი: – მიგრაცია ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო, მაშინ ჩვენი მოქალაქეები რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიდიოდნენ. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ეს ვექტორი ევროპისკენ არის მიმართული – იქ კომფორტია, მაღალანაზღაურებადი სამსახური, უკეთესი პირობები…

ჩვენი მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში პოლიტიკურ თავშესაფარსაც ითხოვენ და დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობის მიუხედავად, ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა… ათასობით ადამიანი ითხოვს ევროპ­აში თავშესაფარს. არ მოვერიდები იმის თქმას, რომ დაბალი კულტურის სოც­იალურ წრეებშია მიღებული, თავშე­საფარი ითხოვო და იქ მიღებული სოციალური დახმარებებით საქართველოში ოჯახი არჩინო… ადამიანის სულის დაბეჩავების მემკვიდრეობა საბჭოთა ეპოქიდან მოგვდევს და დღემდე ვერ გამოვედით. თუმცა მხოლოდ საზოგადოების დადანაშაულება არ შეიძლება, თუ სახელმწიფომ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე არ იზრუნა, ცუდ შედეგს მივიღებთ. ძნელია უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანს მაღალ მატერიებზე ვესაუბროთ, ან ასე აზროვნება მოვთხოვოთ. გარბიან, რადგან ამას სასოწარკვეთილება აიძულებთ…

სულის დაბეჩავება შემთხვევით არ მიხსენებია – პირადად შევესწარი, ოჯახის უფროს მამაკაცს ოჯახის სხვა წევრები ეუბნებოდნენ, წასულიყო რომელიმე ქვეყანაში და თავშესაფარი მოეთხოვა, ოჯახი როგორღაც ხომ უნდა არჩინოო?!.. თავშესაფრის მოთხოვნა ეკონომიკურ მოღვაწეობად იქცა და არა პოლიტიკური პროტესტის ფორმად. ეს არის ტრაგედია. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რომ ქვეყანა ისე დაელაგებინა, ქართველი სახლიდან არ გარბოდეს. დღევანდელ ლუკმაპურის ფულს გამოდევნებული კაცი ვერ საზღვრავს, რას უმზადებს საკუთარ თავს, ოჯახს, რა დამოკიდებულება ექნებათ იქ, უცხოეთში, მისი ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ… ასე იქმნება არასასურველი ქართველის პორტრეტი და ამაში ძალიან ენერგიულად და ოსტატურად მონაწილეობს რუსეთი, რომელიც მოუთმენლად ელოდება სასურველ მომენტს… ვიცით, რუსეთს “გაზპრომის” მეშვეობით როგორი გავლენა აქვს ევროკავშირის ქვეყნებში, მასმედიასა და პოლიტიკურ წრეებში. ჩვენ კი გამზადებულ მასალას ვაწვდით… რამე რომ მოხდეს, ის მაშინვე გაგვიღებს კარს, საზოგადოება კი იტყვის, – ევროპამ მიგვატოვა, გამოგვყარა და ერთადერთი გზა ისევ რუსეთთან ყოფნააო…

– უვიზო მიმოსვლის რეჟიმში არ არის ჩადებული ევროპაში შრომის უფლებები. როგორ ფიქრობთ, რატომ?
– აღმოსავლეთ და არაბული ქვეყნებიდან ევროპაში დიდი მიგრაციაა და შრომითი ვიზა პრობლემური იქნებოდა. ევროპელებსაც უნდა გავუგოთ, იქ მართლაც მილიონობით ადამიანი ჩადის…

– ამ უკიდურეს ვითარებაში რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ქვეყნიდან გადინების ეს ტემპი შეაჩეროს?
– მთავარია, ევროპაში წამსვლელებზე­ სახელმწიფოებრივი კონტროლი გამკაცრდეს. რეპრესიებს არ ვგულისხმობ, მაგრამ თუ ოდნავ მაინც არ გაძნელდა გასვლა, წამსვლელთა რიცხვი გაიზრდება და ყველა მიმართულებით შექმნის პრობლემებს. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, ნახევარ წელიწადში ამ პრობლემის მოგვარება რთულია, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლებამ გამოსავლის პოვნაზე უნდა იზრუნოს. თუნდაც ემიგრანტებისთვის უნდა შემუშავდეს სახელმწიფო პროგრამები. მაგალითად, იმ ქართველებისთვის, ვინც სოფლის მეურნეობაში, ქარხანაში ან საწარმოში პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბდა, დასავლური შრომის ჩვევები შეითვისა, სახელმწიფო პროგრამები უნდა ამუშავდეს, რომ ის ადამიანები თანდათან დავაბრუნოთ. აქ პროფესიონალი კადრი ძალიან ნელა იზრდება. არიან ადამიანები, რომლებმაც ორი წელი ამერიკაში, ფერმაში იმუშავეს, შემდეგ ჩამოვიდნენ და მიღებული გამოცდილება წარმატებით გამოიყენეს. მათ უნდა დავეხმაროთ და არც სხვები იქნებიან გაქცევაზე…

– თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, უვიზო რეჟიმი შეჩერდეს?
– გამორიცხული არაფერია. ხელისუფლებას უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა მართებს. იმაზე ლაპარაკი, რომ ევროპაში ქართველ ქურდებზე მეტი თურქი ან იტალიელია, ვერაფერს შეცვლის… ქართველების წინააღმდეგ მუხტს მიზანმიმართულად აგორებს ჩრდილოელი მეზობელი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას კი ის მოჰყვება, რომ თუ ახლა ტელეეკრანებიდან ერთი ადამიანი გვილოცავს 25 თებერვალს, მერე ათეულობით ადამიანი მოგვილოცავს და ინატრებს კიდეც…
წყარო: კვირის პალიტრა

ტეგები