"მობილური იპოვნა 16 წლის მიშომ, როგორც კი რეკვა დაიწყო, ოც წუთში დაიჭირეს და მოპარვის მუხლით გასროკეს"
ამობეჭდვა · 18 / 03 / 2018 13:45
"მობილური იპოვნა 16 წლის მიშომ, როგორც კი რეკვა დაიწყო, ოც წუთში დაიჭირეს და მოპარვის მუხლით გასროკეს"

"მობილური იპოვნა 16 წლის მიშომ. სპეცსკოლაში სწავლობდა, დაბადებიდან ავადმყოფი იყო. როგორც კი რეკვა დაიწყო, ოც წუთში დაიჭირეს. მოპარვის მუხლით გასროკეს, ოთხი წელი მისცეს. მამამისიც დაიჭირეს, არ ჩაშვების მუხლით. ავლაბრელი საპოჟნიკი რობერტა. სასამართლოზე მოსამართლეს უთხრა მამამ:

-ბატონო მოსამართლე! მართლაც რომ მოეპარა ეგ ტელეფონი ბავშვსა და მე რომ მცოდნოდა, უნდა დამეჭერინებინა? ამას "სირიოზნად" ამბობთ? აი თქვენა ეგრე მოიქცეოდით? - შვილს ოთხი და მამას ორი წელი მისცეს. 

ქსანის ზონაში გამეჩითა მიშო, უკვე ვზროსლებში იხდიდა დარჩენილ სროკს. ტუბერკულოზი აკიდებია 18 წლის ბიჭს, გახსნილი ფორმა. სისხლს აფურთხებდა. არტურა სროკზე იყო, ავადმყოფი დედა კი, ორ მცირეწლოვან ბავშვს ძლივს არჩენდა. არავინ უგზავნიდა წამლებს, პროგრამაშიც არ სვამდნენ. უცხოეთის დაფინანსებით, იქვე დახურული ზონა იყო, სადაც წელწადში 200 კაცს მკურნალობდნენ, მხოლოდ ღია ფორმებით დაავადებულებს. ზონის ექიმს როცა გავუტრაკე, მითხრა, "არა აქვს ღია ფორმაო, სისხლი ღრძილებიდან სდისო". ერთი ვაკელი ტიპი იჯდა, მაყუთიანი ოჯახიდან. წამალზე დაიჭირეს. მარნეულიდან ჰეროინი მოჰქონდა, კუდზე დააჯდნენ. სიგარეტის პაჩკაში ეყარა ათი გრამი. პირდაპირ რომ მოესროლა დაინახავდნენ, ამიტომ პაჩკას თავი მოხსნა და გადმობერტყა. ცარიელ პაჩკაში იპოვნეს ერთი მოლეკულა და დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვის მუხლით, 9 წელი მისცეს. კოდექსში, პატარა, ან მცირე ოდენობის მცნება, სურენამ ამოაღებინა. ერთი მოლეკულაც კი, 9 დან 14-მდე ქაჩავდა. დღესაც ეგ მუხლია, ცოცხალი თავით არ იღებენ პარლამენტარები, რა მაგათი ბრალია? დაშანტაჟებულები არიან, წინა რეჟიმის მსხვერპლნი. მაგარი წუნკალი როჟა იყო ვაკელი, ჩემს გვერდით იწვა და ღამღამობით მესმოდა, ბანანებს და კორჟიკებს როგორ ხრავდა. მოკლედ ამ ვაკელმა გაახმო მიშოს გადმოფურთხებული და გააჩალიჩა ანალიზი, ვითომ სიცხეები ჰქონდა და ახველებდა. ვუთხარი, მაგას პირში როგორ იდებ?. მიპასუხა, ტუბიკებში ასწორებს, კარგი პირობებიაო. მოკლედ მიშოს ფურთხით ვაკელი მოხვდა ტუბიკებში, მიხო კი აგრძელებდა სიკვდილისაკენ სვლას. 

როცა გამოვედი მივაკითხე მიშოს მამას რობერტას. ერთად ვიჩალიჩეთ რომ გამოგვეყვანა "აქტიროვკით". არაფერი გამოგვივიდა. მხოლოდ მაშინ გამოუშვეს, როცა ბავშვი სიკვდილის პირას იყო. გამოსვლიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

გუშინ შემხვდა რობერტა და მითხრა, ჩემი და ჩემი ბიჭის გამსროკავი მოსამართლე უვადოზე გაუშვესო. "გია ჯან, რაზვე ეტა ნარმალნა?". ვინ დათვლის რამდენი ასეთი ტრაგედია მოხდა იმ ცხრა წლის განმალობაში, როცა მოსამართლეები პროკურატურის შნირები იყვნენ. როგორც მურუსიძემ განაცხადა, ჩემზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა იმ დროს, ყველა ჩვენი სინდისით და არსებული კანონის საფუძველზე ვიღებდით გადაწყვეტილებებსო. ვის სინდისზეა მიშოს და რობერტას მოსამართლის უვადოდ განწესება? აი ეს არის საინტერესო!", - წერს გიორგი ბერეჟიანი.

ტეგები