სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს მოუწოდებს მიმართონ მის ოფისებს
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2018 13:59
სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს მოუწოდებს მიმართონ მის ოფისებს

2018 წლის 18 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.

სახალხო დამცველმა პირადად მოუსმინა ქალებს, რომელთა მონათხრობი შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის, დისკრიმინაციის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის ფარგლებში. შესწავლის პროცესი ყველა მონაწილე მხარის ფუნდამენტური უფლებების, ღირსების, პატივისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით წარიმართება.

აღსანიშნავია, რომ სავარაუდო შემთხვევათა შესახებ სახალხო დამცველისთვის მხოლოდ კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ქალთა მოძრაობამ საჯარო განცხადება გაავრცელა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკითხის მნიშვნელობას, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოს სექსუალური შევიწროების ყველა შესაძლო შემთხვევა და მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს მიმართონ სახალხო დამცველის ოფისებს ანდა დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე 1481.

სახალხო დამცველი აგრძელებს მუშაობას ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ და მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს, დაიწყონ მუშაობა სექსუალური შევიწროების რეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად. ამასთან, დროულად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციისთვის, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქმედებას, რომელიც პირს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან/და ულახავს ღირსებას.

ტეგები