აზეულას ციხის განათებისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2018 16:10
აზეულას ციხის განათებისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

კოჯორში, აზეულას (ქოროღლის) ციხესიმაგრეზე განათების ქსელის მოსაწყობად, წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

მთაწმინდის რაიონის ხემძღვანელობა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „თბილსერვისის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნულ ციხეზე იმყოფებოდა, სადაც განათების ადგილების ფიქსაციისთვის ტერიტორია საფრენი აპარატით გადაიღეს. მთაწმინდის გამგეობა აზეულას ციხის ტერიტორიის კეთილმოწყობით, თბილისის ტურისტული მარშუტისთვის კიდევ ერთი ბილიკის დამატებას გეგმავს, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან უკვე შეათანხმა. ახალი ტურისტული ბილიკის ფარგლებში, ციხის კონსერვაცია, ტერიტორიაზე განათების ქსელის მოწყობა, ტურისტული ნიშნულებისა და საინფორმაციო ბანერების განთავსება იგეგმება. ასევე, განიხილება ციხესიმაგრის მიმდებარედ არსებული იუნკერთა მემორიალის რეაბილიტაცია.

აზეულას ციხესიმაგრე კოჯორში, თბილისიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველად ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე IX საუკუნეში აშენდა. გადმოცემის მიხედვით, ციხესიმაგრეს „აგარათა ციხეს“, ხოლო შუასაუკუნეებისთვის „აზეულას“ ციხეს უწოდებდნენ, დღეისთვის კი ციხე ქოროღლის სახელწოდებითაა ცნობილი.

 

ტეგები