საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილა
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2018 17:22
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილა

სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრას და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას ისახავს მიზნად „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული.

კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა.

„ჩვენი ქვეყანა ახორციელებს და გეგმაზომიერად მიყვება დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებას. ჩვენ არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ, მაგალითად მშობიარობის დაფინანსების პროგრამა, ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა, განხორციელდა რამდენიმე პროგრამა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყანაში აბორტების რიცხვი და დღეს დადგა საკითხი, რომ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვროს“, - განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა რომელიც დემოგრაფიულ პოლიტიკას ახორციელებს, არ შეიძლება არ ჰქონდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი. სწორედ ამიტომ მან კოლეგებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ კანონპროექტს.

მომხსენებლის განმარტებით, მოსახლეობის აღწერამდე არ არსებობდა სტატისტიკური ინფორმაცია რამდენი სამშვილიანი, ოთხშვილიანი და სხვა რაოდენობის შვილიანი ოჯახი არსებობს ქვეყანაში. საყოველთაო აღწერის კითხვარში შეტანილი იყო შესაბამისი კითხვა, რამაც აღნიშნული სტატისტიკის მიღება გახადა შესაძლებელი.

კანონპროექტის თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა, გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მისასალმებელია ასეთი ინიციატივა, მაგრამ რამდენადაც კანონი გავლენას მოახდენს ქვეყნის ბიუჯეტზე, აუცილებელია საქართველოს მთავრობასთან კონსულტაცია და შესაბამისი დასკვნის მიღება.

კომიტეტმა პირველი მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს სწორედ ამ შენიშვნის გათვალისწინებით დაუჭირა მხარი, რომ საქართველოს მთავრობა 2018 წლის 1 ივნისამდე შეიმუშავებს და წარადგენს საკუთარ დასკვნას და შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.



 

ტეგები