არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2018 19:32

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვალებიდან 26-ე დღეს, საქართველოს მოქალაქის, ქართველი მებრძოლის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ცხედართან ერთად ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტიც გადასცეს.

სოფელ ერგნეთში, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადასცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ადგილზე იყვნენ დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

ერგნეთში ასევე იყვნენ სამოქალაქო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წევრები, რომლებმაც ტატუნაშვილს მდუმარე აქციით მიაგეს პატივი.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში გაიტაცეს. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა. მის ცხედარს საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს ამ დრომდე არ აძლევდა.

ტეგები