არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, "წითელი ჯვარი" განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2018 22:17
არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, "წითელი ჯვარი" განცხადებას ავრცელებს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს,, რომელშიც აღნიშნულია, რომ პროცესი სტანდარტული პროცედურების სრული დაცვით მოხდა.

„დღეს, 2018 წლის 20 მარტს, შესაბამისი უწყებების მიმართვის საფუძველზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ), როგორც ნეიტრალური შუამავლის დახმარებით, მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოვლენების დაწყებიდანვე გამოთქვამდა მზაობას ჩართულიყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესში. ორგანიზაციის საქმიანობა მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობითა და ცხედრის გადმოსვენების სტანდარტული პროცედურების სრული დაცვით მოხდა.

ამის შემდეგ, ოჯახის გადაწყვეტილების შესაბამისად, ცხედარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ერგნეთში გადაეცა“, – აღნიშნულია წითელი ჯვრის აერთაშორისო კომიტეტის განცხადებაში.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში გაიტაცეს. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა. მის ცხედარს საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს ამ დრომდე არ აძლევდა. ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს.

 

.

ტეგები