მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა გარდაცვლილი თანამოქალაქის მკვლელები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ - კახაბერ საბანაძე
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2018 23:12
მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა გარდაცვლილი თანამოქალაქის მკვლელები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ - კახაბერ საბანაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოდგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დაისაჯონ.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და  მოგახსენოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად მთავრობამ მაქსიმალური გავაკეთეთ და გამოვიყენეთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, რომ მომხდარიყო საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება. ეს ყველაფერი ინტენსიური მუშაობის შედეგად მოხდა. ასევე, გეტყვით, რომ გადმოცემულია არჩილ ტატუნაშვილის ავტომანქანაც. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 108-ე და 143-ე მუხლებით და შესაბამისად ავტომანქანას უტარდება საექსპერტო სამუშაოები და აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება ოჯახისთვის ავტომანქანის გადაცემა.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ჩვენი გარდაცვლილი თანამოქალაქის მკვლელები  კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. რაც შეეხება, ერგნეთის შეხვედრებს, აღნიშნული ფორმატი აუცილებლად განახლდება. ეს არის ურთიერობის ერთ-ერთი ეფექტური ფორმატი  და ამ ფორმატში აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა", - განაცხადა საბანაძემ.

ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უახლოეს საათაბში, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადაეცემა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში გაიტაცა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა. მის ცხედარს საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს ამ დრომდე არ აძლევდა. ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს. საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ცხედერათან ერთად, ტატუნაშვილის კუთვნილი მანქანა და საექსპერტო მასალები გადასცა.

ტეგები