ბოდიში ხომ არ უნდა მოვიხადო იმისთვისაც, რომ ვარსებობ? - გიორგი გაბუნია
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2018 23:18
ბოდიში ხომ არ უნდა მოვიხადო იმისთვისაც, რომ ვარსებობ? - გიორგი გაბუნია

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ამის შესახებ მან გადაცემა "არჩევანში" განაცხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელ გადაცემას მის ნაცვლად ეკა კვესიტაძე წაიყვანს, რადგან თვითონ "რუსთავი2"-ზე და ჟურნალისტებზე  თავდასხმის საქმეში მთავარი ფიგურანტია.

“პირველ რიგში, მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მე და ჩვენი იურისტი ამ ტყვეობიდან დაგვიხსნეს. მადლობა პატრულს ოპერატიულობისთვის, მადლობა ჩვენი არხის დაცვის სამსახურს და დიდი მადლობა "რუსთავი2"-ის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, როგორც ერთი კაცი, დადგა რიგითი გაბუნიას გადასარჩენად. იქ იყო აბსოლუტურად ყველა, დაწყებული გენერალური დირექტორით და დამთავრებული დეკორატორებით, ყველა ერთად.

აქვე მინდა ვთქვა, რომ, თუ ვინმემ ჩემი განცხადებების გამო შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ეს არ ნიშნავს, რომ მას მე მივაყენე შეურაცხყოფა. ამიტომ მე არავისთან არაფერი საბოდიშო არ მაქვს. ვიღაცისთვის ჩემი, როგორც ასეთის, არსებობაც კი შეურაცხმყოფელია. ბოდიში ხომ არ უნდა მოვიხადო იმისთვისაც, რომ ვარსებობ? მე ამას არ გავაკეთებ. მე არ ვაპირებ არანაირი ბოდიშის მოხდას.

დღევანდელი გადაცემა ეძღვნება ძალადობას და მუქარას, რომლის ქვეშაც რუსთავი2 და კონკრეტულად მეც ამ დრომდე ვრჩებით. ვინაიდან მე ამ საქმის მთავარი ფიგურანტი ვარ, ნამდვილად უცნაური იქნება დღევანდელი დისკუსიის წამყვანი თვითონ მე რომ ვიყო და საკუთარ თავზე ვილაპარაკო. ამიტომ სტუდიას ვუთმობ ჩემს პრინციპულ, შეუპოვარ და ამ შემთხვევაში, ნეიტრალურ კოლეგას - ეკა კვესიტაძეს,“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ გადაცემა "პოსკრიპტუმში" აღნიშნა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”. გიორგი გაბუნიას ამ განცხადებამ საზოგადოების ერთი ნაწილი აღაშფოთა და ტელეწამყვანს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.  

ტეგები