მიხეილ ჯანელიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2018 18:30
მიხეილ ჯანელიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. 

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ და ვიქტორია ჰორვატმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის წლების განმავლობაში განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, დინამიურად ვითარდება თანამშრომლობა როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების მხრივ. ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა უნგრეთის განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით გამოჰყო უნგრეთის ხელშეწყობა განათლების სფეროში, კერძოდ, უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამით, ყოველწლიურად, 80-მდე ქართველ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს განათლება უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში.  უნგრეთის ელჩმა, ასევე, დადებითად შეაფასა გასული წლის დეკემბერში გამართული უნგრეთის კულტურის დღეები საქართველოში, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.

შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებს. მათ განიხილეს ამ მხრივ უკვე არსებული გამოცდილება და გამოკვეთეს ის მიმართულებები, რომელიც ორმხრივად მომგებიანი იქნება როგორც საქართველოს, ისე უნგრეთისათვის.

ტეგები