21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2018 18:35 · 23 ნახვა
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, საქართველოს დაუნის სინდრომის  ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე - 21 მარტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  ეგიდით 2010 წელს იქნა ოფიციალურად მიღებული. წელს მეშვიდედ უერთდება საქართველო  მსოფლიო ინიციატივას. წლევანდელი მსოფლიო გზავნილია - „რას ვმატებ საზოგადოებას“.

ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ზოგადი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარებასთან ერთად  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს 2013 წლიდან  საშუალება აქვთ მიიღონ პროფესიული განათლება, რაც გულისხმობს მათ ფიზიკურ და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო გარემოს.

2018 წლის გაზაფხულზე მოხდა პროფესიული განათლების ახალი კანონის ინიცირება საქართველოს პარლამენტში. კანონი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მოქნილს გახდის განათლების სისტემას.

2013 წელს შემუშავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი დასაქმების სისტემა, გადამზადდა სპეციალისტები და განხორციელების მიზნით გადაეცა შრომის, ჯამრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტს.

ტეგები