მარნეულში სახალხო დღესასწაული "ნოვრუზ ბაირამი" აღინიშნა
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2018 19:48
მარნეულში სახალხო დღესასწაული "ნოვრუზ ბაირამი" აღინიშნა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოვრუზისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტრადიციულად 21 მარტს მასშტაბურად აღინიშნა. 

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე მოადგილეებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი და სხვა მოწვეული სტუმრები.

მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფ პირებს მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მასპინძლობდა. სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამ დღისთვის ცენტრალურ ქუჩაზე სახელდახელოდ მოწყობილი პავილიონები ეთნოკუთხეები, ნახატების გამოფენები დაათვალიერეს,  დააგემოვნეს ტრადიციული ტკბილეულის სუფრა, მოინახულეს სპორტული ასპარეზობები და დაესწრნენ ღონისძიებას, რის შემდეგაც სცენაზე გადაინაცვლეს და აზერბაიჯანელ მოსახლეობას, ნოვრუზის დღესასწაული ადგილობრივი  მიულოცეს.

საზეიმო  ღონისძიებას  ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები–აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, პოლონეთის  რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი,  ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, სეიდ ჯავად ყავამშაჰიდი,  ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და  სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  

მხარის გუბერნატორმა, ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის-გიორგი კვირიკაშვილის ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი გზავნილები წაუკითხა.

დღევანდელი სადღესასწაულო ღონისძიება  დილიდან სახალხო სეირნობით გაიხსნა, სადაც მოსულ სტუმრებს საშუალება ქონდათ დაეთვალიერებინათ  სხვადასხვა საგამოფენო სივრცეები მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე, ბიბლიოთეკისა  და კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში. ასევე, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ტრადიციული ტკბილეული.

ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე წარმოდგენილი იყო ქართული (ტრადიციული ტკბილეული, ღვინო) და აზერბაიჯანული (სოფლის ნობათი, ტრადიციული ტკბილეული, ჩაი) ეთნოკუთხეები. ასევე,  “ჩაის სახლის”(ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვ.) და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების პავილიონები, ადგილობრივი მხატვრების ნახატების, მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრში“ წარმოებული კერამიკული ნამუშევრების და ნახატების, საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის მოხალისეების ნამუშევრების (ხალხური რეწვის ნიმუშები), შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ ხელნაკეთი ნივთების, და მედეა ჭკადუას ხელნაკეთი სამკაულების გამოფენები. ასევე,  Creative youth academy ტკბილეულის, მარნეულის საკონსერვო ქარხნის პროდუქციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ქვემო–ქართლის რეგიონალური სამმართველოს მიერ ორგანიზებული ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფეენები და  ქვემო–ქართლის პრობაციის ბიუროს მიერ ორგანიზებული პირობით მსჯავრდებულთა ნამუშევრები.

ბიბლიოთეკის სკვერში მოსულ სტუმრებს კი საშუალება ქონდათ ენახათ მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა  და ადგილობრივი თვითმმართველობის  მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფოტო გამოფენა. ასევე,  მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის 1 წლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია (ფოტო გამოფენა)

სპეციალურად ამ დღისთვის მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში მოეწყო აზერბაიჯანული ტრადიციული  კერძების კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ტრადიციულად მომზადებული  ჰალვა და ლავაში.

მოეწყო საბავშვო გასართობი (ატრაქციონები) სივრცე,  ბავშვებისთვის ჭადრაკის  და ნარდის სათამაშო  კუთხეები. გაიმართა სპორტული აქტივობები,  ქართული ჭიდაობასა და მკლავჭიდში.

ღონისძიების შუა ნაწილი  თეატრალიზებულ წარმოდგენას – გოგონა „გაზაფხულის“ (“Bahar qız”) შემოსვლას დაეთმო, რომელიც ყვავილებით მორთული ეტლით შემობრძანდა  და მაყურებელს გაზაფხულის ცეკვა შეუსრულა.  

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი საკონცერტო პროგრამას დაეთმო, სადაც მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, როგორც ადგილობრივი ასევე, მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები და სოლო შემსრულებლები.

ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და ახალ დღეს ნიშნავს. დღესასწაული გაზაფხულის მოსვლასთან ასოცირდება და იგი 21 მარტს გაზაფხულის ბუნიობის დღეს აღინიშნება. მიჩნეულია , რომ 21 მარტის შემდეგ ბუნება იღვიძებს და ძველი ახლით იცვლება. ნოვრუზი ხალხის საყვარელი დღესასწაულია.

ტეგები