„ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ კიდევ იქნება ოთხოზორიები და ტატუნაშვილები“ - გიგა ოთხოზორიას დედა
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2018 00:08
„ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ კიდევ იქნება ოთხოზორიები და ტატუნაშვილები“ - გიგა ოთხოზორიას დედა

2016 წელს, ხურჩაში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ „ტვ პირველის“ ეთერში თხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ ისაუბრა.

„ორი დღის წინ, მე გამიჩნდა იმედი, რომ ახლა მაინც არ გაუშვებს ხელიდან შანსს საქართველოს ხელისუფლება, ვისაც ეს ევალება და ყველაფერს გააკეთებს, რომ მთელი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვით ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, დაარქვას ოკუპანტს ოკუპანტის სახელი და დამნაშავეს დამნაშავის სახელი.

მე დედა ვარ და ჩემს შვილამდე, ძალიან ბევრი ქართველი ვაჟკაცი შეეწირა აფხაზეთთან და ოსეთთან ბრძოლას. ძალიან ბევრი გმირი ჰყავს საქართველოს, ვიღაცის გმირობა არ ჩანს, ვიღაცის გმირობამ ისე ჩაიარა. ოთხოზორიამდეც უნდა ყოფილიყო ეს სია, რამდენმა ადამიანმა იცის სხვადასხვა დანაშაულის და მათი ჩამდენების შესახებ, მაგრამ კარგი, თუ აქამდე ვერ გავაკეთეთ, ახლა მაინც, ალბათ, ასე მგონია, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს შანსი ხელიდან ნამდვილად არ გაუშვან.

თუ არადა, ღმერთმა ნუ ქნას, ყველა ოჯახს ღმერთმა აშოროს, მაგრამ კიდევ იქნება ოთხოზორიები და კიდევ იქნება ტატუნაშვილები. ”

გიგა ოთხოზორია 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა. არჩილ ტატუნაშვილი კი 22 თებერვალს, ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად, ახალგორში უკანონოდ დააკავეს. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოსცეს.

ტეგები