გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2018-2030 წლების სტრატეგიას და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას სხდომაზე მხარი ერთხმად დაუჭირეს
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2018 18:13
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2018-2030 წლების სტრატეგიას და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას სხდომაზე მხარი ერთხმად დაუჭირეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ამავე კომიტეტის 2018-2030 წლების სტრატეგია დაამტკიცეს.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს კომიტეტის სტრატეგიული ამოცანებისა და ღონისძიებების განსაზღვრას კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განსახორციელებლად;

ასევე, საზოგადოებასთან/დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას და კომიტეტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებას.

დოკუმენტის თანახმად, სამოქმედო გეგმა ეფუძნება წინასწარ ჩატარებულ სიტუაციურ ანალიზს, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა კომიტეტის საჭიროებები. გარდა ამისა, სტრატეგია და გეგმა ეხმაურება როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ შესაბამის ვალდებულებებს, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.

დოკუმენტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ‒ „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ‒ მხარდაჭერით შემუშავდა.

„ჩვენ უკვე გვქონდა ამ დოკუმენტის პრეზენტაცია და სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ორგანიზაციის მიერ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პრეზენტაცია იყო გამორჩეული და საინტერესო“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ.

 

ტეგები