„დაჩოქება სურდათ და ვერ დააჩოქეს“ - არჩილ ტატუნაშვილის დედა შვილის წამების დეტალებზე
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2018 22:15
„დაჩოქება სურდათ და ვერ დააჩოქეს“ - არჩილ ტატუნაშვილის დედა შვილის წამების დეტალებზე

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედა, რუსუდან ტატუნაშვილი, შვილის წამების დეტალებს ჰყვება.

"ცხინვალის მარიონეტულ ხელისუფლებას სურდა, რომ დაედგა სპექტაკლი თითქოს ჩემი შვილი დივერსიული აქტის მოწობას ცდილობდა. ვითომ ტერორისტი და რაღაც დაჯგუფების წევრი იყო და თხოვდნენ ეღიარებინა, რომ საქართველოდან შემოგზავნილი იყო და პუტინის არჩევნების ჩაშლა სურდა და ამაში თანამონაწილე იყო ამერიკაც. რომ არ აღიარა ამის შემდეგ შეუტანეს რუკა და უთხრეს, რომ თქვი რომ ეს სამხრეთ ოსეთიაო და აღიარეო, არჩილს უთქვამს, რომ ეს სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა და იქნებაო. ამის შემდეგ ქართულ დროშაზე ფეხით შედგომა მოუწოდეს. თითები სულ დაჩეჩქვილი იყო. ხელები კი დაგლეჯილი ჰქონდა. წვივები სულ დაჟეჟილი ჰქონდა, ეტყობა, რომ დაჩოქება სურდათ და ვერ დააჩოქეს. თავზე დაზიანებები ჰქონდა. სახეზე მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული, თორემ სულ დალურჯებული იყო“, - განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა "იმედის კვირის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ტეგები