საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაცია, აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით გერმანიაში შეხვედრებს მართავს
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2018 16:08
საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაცია, აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით გერმანიაში შეხვედრებს მართავს

26 - 28 მარტს, საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაცია, აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, უსაფრთხოების სფეროს რეფორმის ყოვლისმომცველ მიდგომებთან დაკავშირებით გერმანიაში, ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლებების ევროპულ ცენტრში, შეხვედრებს გამართავს.

სამი დღის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის წევრები იმსჯელებენ ევროპული უსაფრთხოების გარემოს ტრანსფორმირების პროცესში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, პარლამენტების როლზე უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებაში, შეიარაღებული ძალებზე დემოკრატიულ სამოქალაქო ზედამხედველობაზე, უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობასთან დაკავშირებით სტრატეგიული განვითარების მიდგომებზე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობაზე, უსაფრთხოების სტრუქტურაზე საპარლამენტო ზედამხედველობასა და სხვა საკითხებზე.

დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროსაბჭოსა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ექსპერტებთან.

ვიზიტის მიზანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობა უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის თანამედროვე მექანიზმების შექმნის საკითხებში, რომელიც მოიცავს: უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა სფეროებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას; ინსტიტუციური როლებისა და მისიების იდენტიფიკაციას; უსაფრთხოების სფეროში გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას; მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობების გაუმჯობესებას; ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიების განვითარებას და განხორციელებას.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ასევე დაზვერვის სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

ტეგები