სოფიო ქაცარავა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის (LSE) სტუდენტებს შეხვდა
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2018 17:50
სოფიო ქაცარავა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის (LSE) სტუდენტებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დღეს, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გასაცნობად იმყოფებიან.

ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და ავსტრიიდან არიან.

შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, მისწრაფებებზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის მიუხედავად ქვეყანა მყარ დასავლურ კურსს ინარჩუნებს და დემოკრატიის კონსოლიდაციას ახდენს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ევროკავშირისა და ნატო-ს მომავალ წევრობასა და ამ გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებაზე ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილ, აშშ-ს 2018 წლის ბიუჯეტის კანონზე, რომელიც საქართველოსთვის დაფინანსების გაზრდას, ხოლო იმ ქვეყნებისთვის რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობას, რაც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საპარლამენტო და ხალხთა შორის კავშირებს მოიცავს.

საუბარი იყო ასევე, ჩინეთთან ძლიერ ეკონომიკურ კავშირებზე და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომლის რატიფიცირებაც პარლამენტმა გასულ წელს მოახდინა.

სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს და გასულ კვირას „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ პარლამენტის მიერ მიღებულ ორპარტიულ რეზოლუციას.

„კითხვა-პასუხის რეჟიმში, ძალიან საინტერესო დისკუსია გავმართე სტუდენტებთან. მიხარია, რომ საქართველოს მიმართ არის ასეთი ინტერესი. მაქსიმალურად ვეცადე მათ შეკითხვებზე სრულად გამეცა პასუხი. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და საერთაშორისო პარტნიორობაზე. ასევე, განვიხილეთ უსაფრთოხებისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.






 

ტეგები