"სითი პარკის" სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2018 20:05
"სითი პარკის" სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

კომპანია "სითი პარკის" სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.  ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიაზე დაყრდნობით "იმედინიუსი" ავრცელებს. 

საქმე ეხება არა უშუალოდ მერიის მიერ კომპანიასთან ხეშეკრულების გაწყვეტის გასაჩივრებას, არამედ თბილისის მერიის მიერ გასული წლის 23 აგვისტოს მიღებული განკარგულების გასაჩივრებას. 2017 წლის 23 აგვისტოს დედაქალაქის მერიამ გამოსცა გაფრთხილება-განკარგულება, სადაც საუბრობდა, რომ არასწორად ხდება ჯარიმა-საურავების გამოწერა „სითი პარკის“ მხრიდან, რისთვისაც დიდი რაოდენობით საჩივრებია დაწერილი. 

"სასამართლომ ფორსირებულად, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს გამოატანინა დასკვნა, რომ 23 აგვისტოს მერიის კოლეგიური ორგანოს (მთავრობის) მიერ მიღებული განკარგულება არ იყო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი“.

მიგვითითეს, რომ დავა უნდა გაგრძელებულიყო სახელშეკრულებო დავის ფარგლებში. თუმცა დღეს მოსამართლე ჩხეტიას მიერ ყოველგვარი პროცედურული ნორმების დარღვევით დაინიშნა განმწესრიგებელი სხდომა და ისე, რომ თავიც კი ვერ შეიკავა წინსწრებით გამოევლინა მისთვის მიცემული მითითებების მიმართულება და სარჩელის ავტორებს არც კი მოგვცა უფლება დაგვესაბუთებინა ჩვენი იურიდიული ინტერესი, ადგილზე თათბირით „სითი პარკს“ უარი უთხრა უფლების დაცვაზე. ეს არის სასამართლოსა და მმართველი გუნდის წინასწარ განზრახული ქმედებების თვალსაჩინო მაგალითი, რომ სასამართლოს აიძულებენ მიიღონ ყოვლად გაუგონარი გადაწყვეტილებები, პრაქტიკაში არ არსებული განჩინებები, რათა კომპანიას არ მიეცეს საქმის არსებითად განხილვის უფლება და არ წარუდგინოს სასამართლოს ის სამარცხვინო გადაწყვეტილებები და ფაქტები, რასაც მერია აგვისტოს თვიდან დღემდე სჩადის“, - წერია „სითი პარკის“ განცხადებაში.

სააგენტო "ინტერპრესნიუსი" კომპანიის იურისტის თამარ შუბითიძის შეფასებას ავრცელებს, რომელიც განმარტავს, რომ  2017 წლის 23 აგვისტოს დედაქალაქის მერიამ გამოსცა გაფრთხილება-განკარგულება, სადაც საუბრობდა, რომ არასწორად ხდება ჯარიმა-საურავების გამოწერა „სითი პარკის“ მხრიდან, რისთვისაც დიდი რაოდენობით საჩივრებია დაწერილი. 

 

„მთავრობის ეს განკარგულება, როგორც ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, გავასაჩივრეთ სასამართლოში სექტემბერშივე. მაშინ მოსამართლემ გვითხრა, რომ სარჩელი უნდა შეგვეტანა სახელშეკრულებო დავის ფარგლებში და დაგვედგინა, იყო თუ არა ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით დარღვევა. 

შემდგომ, მოსამართლის მითითების საფუძველზევე, ამ მუხლით შევიტანეთ და მოვთხოვეთ სასამართლოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადგენა. დღეს კი მოსამართლემ გვითხრა, რომ არ გააჩნია კომპანიას იურიდიული ინტერესი ამ დავისო. ამ შემთხვევაში, მოხდა პროცესუალური დარღვევა და ისე, რომ არ მოგვეცა უფლება დაგვეცვა ჩვენი იურიდიული ინტერესი, გამოიტანა განჩინება წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ ერთი გაფრთხილების განკარგულებას. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ჯარიმა-საურავის საკითხს მერია დღესდღეობით საერთოდ აღარ მიიჩნევს დარღვევად და ხელშეკრულების შეწყვეტა ამის საფუძველზე არ მომხდარა. თუმცა, იმის გამო, რომ ამ გაფრთხილებასაც არ მივიჩნევდით სამართლიანად, გვინდოდა, რომ ამ ნაწილშიც ვყოფილიყავით კეთილსინდისიერი კომპანია, სასამართლოს ემსჯელა და დაედგინა, რომ მერიის ეს პოზიცია სამართლებრივად სწორი არ იყო და დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

ჩვენი დღევანდელი განცხადების მიზანი იყო ის, რომ გვეჩვენებინა, როგორ ერთმანეთის საწინაარმდეგო გადაწყვეტილებას იღებენ მოსამართლეები და კომპანიას არ აძლევენ საკუთარი უფლებების დაცვის საშუალებას“, - განაცხადა შუბითიძემ. 

რაც შეეხება „სითი პარკის“ მეორე სარჩელს, 26 ოქტომბრის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, შუბითიძის განმარტებით, ის კონკრეტულ მისამართებზე ნიშნებისა და მონიშვნების მდგომარეობას ეხება. როგორც შუბითიძე ამბობს, მითითებულ მისამართებზე განკარგულების გამოცემის მომენტისთვის ეს მისამართები არ წარმოადგენდა დარღვევას და ეს დასაბუთებულია წერილობით, რომელიც მერიისთვის წარმოდგენილი გვაქვს. 

„აქედან გამომდინარე არ არსებობდა მერიის მიერ განკარგულების გამოცემის წინაპირობა. ეს სარჩელი დახარვეზდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ტექნიკური თვალსაზრისით, არასაკმარისად მიიჩნია სასამართლომ დირექტორების მიერ გაცემული მინდობილობა, რაც გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, რომლის განხილვის შემდეგაც სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არსებითი განხილვისთვის 10 დღის წინ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა და ახლა ველოდებით განხილვის დაწყებას, რისთვისაც სასამართლოს 2 თვის ვადა აქვს“, - განაცხადა შუბითიძემ. 

თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.  სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის. 

კომპანია "სითი პარკმა" განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ. 

კომპანია "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

ტეგები