კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირთან საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2018 17:21
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირთან საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს

ევროკავშირთან საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან ერთი წელი ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინი ჯავახაძემ შეაჯამა.

„2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა პირველად, ყოველგვარი ბარიერის გარშე, უვიზოდ გადაკვეთეს ევროკავშირის საზღვარი. ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში   როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე. უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა  მნიშვნელოვანი წინსვლა და მიღწევაა, რომელიც გვიადვილებს წვდომას იმ სივრცესთან, რომლის ნაწილადაც ჩვენ თავი მიგვაჩნია და გვინდა ამ სივრცის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. ამ პროცესის უხარვეზოდ მიმდინარეობა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესია. მუდმივად ხდება იმის შეფასება, თუ როგორ მიმდინარეობს ვიზალიბერალიზაციის პროცესი. აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებების და საკანონმდებლო ორგანოს ერთობლივმა მუშაობამ შედეგად უნდა მოიტანოს ის, რომ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც შეიძლება ამ პროცესს დაემუქროს, თავიდან იქნეს აცილებული“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, გასული წლის განმავლობაში, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს უწყებების მხრიდან, მყისიერი რეაგირება მოჰყვა.  „ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენთვის ძალიან დიდი მონაპოვარი და  ამ ყველაფერს გაფრთხილება უნდა. ჩვენი ძალისხმევით და კოორდინირებული თანამშრომლობით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ვიზალიბერალიზაციის პროცესი კიდევ უფრო მეტად შედეგიანად და ეფექტურად წარიმართოს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მან ამ პროცესის წარმატებით მიმდინარეობისთვის მოქალაქეების ინფორმირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ ყველა დაგეგმილ ღონისძიებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ყველა შესაბამის უწყებებთან, მსგავს ფორმატში შეხვედრები არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ საჭიროა ეს ინფორმაცია სწორად და დროულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით,  მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც საქართველომ ზუსტად ერთი წლის წინ 2017 წლის 28 მარტს მიიღო.

„ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ არ მოხდეს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება.  უვიზო რეჟიმს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა. ეს იყო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ისევე, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროკავშირის მხრიდან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას ჰქონდა ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობაც“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით უვიზო მიმოსვლით 250 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. „ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ სწორედ ეს დიდი სიკეთე მომავალშიც წარმატებით იქნას გამოყენებული ჩვენი მოქალაქეების მხრიდან“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. მისი თქმით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომაც, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ქვეყანას აღებული ჰქონდა  ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე პერიოდში თავი იჩინა გარკვეულმა გამოწვევებმა, რომელიც ეხება თავშესაფრის პრინციპის ბოროტად გამოყენებასა და  კრიმინალის ზრდას რიგ სახელმწიფოებში.  თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე დღეს საქართველოს წინაშე არ დგას.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან გამოთქმული იყო წუხილი, ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ  შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე დღეს საქართველოს წინაშე არ დგას. ეს საკითხი არ განხილულა არც ევროკავშირის ინსტიტუტებში, არც ევროკომისიის შიგნით და არც წევრი სახელმწიფოების მხრიდან. თუმცა, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მყისიერად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებმაც თავი იჩინა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ პრობლემის იდენტიფიცირების მომენტშივე დაიწყო საკითხზე მუშაობა და ერთგვარი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც მისი განცხადებით, საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია და ასახულია მთელი რიგი მიმართულებები.  „ამ გეგმის მიხედვით ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის წარმოებაა. ამ კამპანიის ორი ფაზა უკვე განხორციელებულია, რომლებიც მიმართული იყო იმ უფლებებზე და ვალდებულებებზე, რომელიც უვიზო მიმოსვლას თან ახლავს. ხოლო მესამე ფაზა, რომელიც ახლახან შევიდა ძალაში მიმართულია იმ კონკრეტული გამოწვევების დასაძლევად, რომელმაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, კამპანიის პროცესში მიმდინარეობს კლიპის ჩვენება, ხორციელდება შეხვედრები სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან დედაქალაქსა და რეგიონებში, სადაც მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად,   ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სასულიერო პირები მონაწილეობენ. ასევე, უახლოეს მომავალში იგეგმება ვიზუალური და აუდიო მასალის მომზადება, რომელიც ყველა საკომუნიკაციო საშუალებით გავრცელდება. „იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი აქტიური საინფორმაციო კამპანია“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება რა კუთხითაც საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა ძალისხმევა, ეს არის თანამშრომლობა პარტნიორ, წევრ სახელმწიფოებთან ისევე, როგორც ბრიუსელთან და შესაბამის ინსტიტუტებთან. „უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის დღიდან, ჩვენ რეგულარულად ვცვლით ინფორმაციებს, ვმართავთ შეხვედრებს. ვიზიტებისა თუ შეხვედრის დროს, ყველამ, მათ შორის ევროკავშირის ხელმძღვანელობამ, ძალიან პოზიტიურად შეაფასა ის გამოხმაურება და ძალისხმევა, რომელსაც ქართული მხარე ახორციელებს ამ პროცესში. ბუნებრივია დისკუსიები და თანამშრომლობა ასევე აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა მომხსენებელმა. 

მან ყურადღება გაამახვილა იმ მობილური აპლიკაციაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ შემუშავდა. „ეს აპლიკაცია არა მარტო ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეს, რომ კიდევ უფრო დეტალური და დამატებითი ინფორმაცია მიიღოს წესებისა და უფლებების შესახებ, არამედ აძლევს საშუალებას კალკულაცია მოახდინოს იმ დღეებისა, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს ევროკავშირის შენგენის ზონის მასშტაბით“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მინისტრის მოადგილემ პარტნიორებთან თანამშრომლობის იმ მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება რასაც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ჰქვია.

„ვიზალიბერალიზაცია არის უდიდესი მონაპოვარი, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს შევინარჩუნოთ“, - განაცხადა სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ. მომხსენებელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, დანაშაული წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ქვეყანას ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს  17 ქვეყანასთან და მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ 10 ქვეყანასთან. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ორმხრივი შეთანხმება აქვს გერმანიასთან თუმცა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს თანამშრომლობა ცალკე, მის ოთხ მიწასთანაც აქვს ორმხრივი შეთანხმებები.

ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, ევროპელი პარტნიორების მთავარი წუხილი დღეს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაა. „ევროპელი პარტნიორები ამ მიმართულებითი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოგვიწოდებენ. ჩვენ აღვუთქვით, რომ ყველანაირად შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელიც მათ აქვთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებლის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში, იგეგმება ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც არალეგალური მიგრაციის პრობლემასთან ბრძოლის დამატებით შესაძლებლობებს განიხილავენ.

მისივე თქმით ასევე, იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხორციელება, რომელიც იმ ქმედებების კრიმინალიზაციას ახდენს, რასაც უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა ჰქვია. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სხდომაზე გამოსვლისას, ევროკავშირში პოლიციის ატაშეების როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან ეფექტურია პოლიციის ატაშეების როლი ევროკავშირში, რომელთაც აქტიური თანამშრომლობა აქვთ ადგილობრივ პოლიციის ოფისებთან.  ეს იმდენად წარმატებულია, რომ გადავწყვიტეთ ეს ქსელი კიდევ უფრო გავაფართოვოთ და სხვა ქვეყნებშიც გაიგზავნოს ატაშეები“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ევროპის საპოლიციო გაერთიანებასთან, რომლის რატიფიცირებაც პარლამენტმა შარშან მოახდინა. ასევე, საქართველოს გაფორმებული აქვს მეკავშირე ოფიცრის და უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შესახებ მემორანდუმები.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, რომ იგეგმება ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის გაგზავნა, რაც მისივე თქმით, ნიშნავს იმას, რომ საქართველო უკვე ევროპოლის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდება და შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა არა მხოლოდ წვრილმან დანაშაულებებთან მიმართებაში არამედ  გლობალურ ტრანსსასაზღვრო დანაშაულზე.

მომხსენებლებმა დეპუტატების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და დამატებითი განმარტებები გააკეთეს.

„გაერთიანებული კომიტეტების მთავარი ამოცანა იყო გაგვეცა პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციას უკავშირდება. ეს ამოცანა ძალიან წარმატებით შევასრულეთ და ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ამომწურავი ინფორმაცია ვიზის ლიბერალიზაციის პროცესთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.  მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ეს პროცესი მიმდინარეობს ეფექტურად. მთავარია. რომ უწყებები მუშაობენ კოორდინირებულად იმისთვის, რომ ნებისმიერი წუხილზე, რომელიც გამოთქმული იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან პასუხი იქნას გაცემული“, - განაცხადა სხდომის დასრულებისას სოფიო ქაცარავამ.

ტეგები