საქართველოში „დოპელმაიერის“ საბაგიროებზე მომუშავე პერსონალი დამატებით გადამზადებას გაივლის
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2018 10:07
საქართველოში „დოპელმაიერის“ საბაგიროებზე მომუშავე პერსონალი დამატებით გადამზადებას გაივლის

ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით, უახლოეს დღეებში საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვლენ „დოპელმაიერის“ ექსპერტ-ინსტრუქტორები და დამატებით შეამოწმებენ მათ
მიერ დამონტაჟებულ ყველა საბაგიროს ჰაწვალზე, გოდერძიზე, ბაკურიანსა და გუდაურში.

ამის შესახებ ცნობილი გახდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ავსტრიული კომპანია„დოპელმაიერის“ წარმომადგენლის ვალერი იაშინის შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისმინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს „მთის კურორტები  განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, ყველა თანამშრომელი, რომელიც „დოპელმაიერის“ საბაგიროზე ოპერირებს, სათანადოდ არის მომზადებული, თუმცა, გუდაურში მომხდარი
შემთხვევიდან გამომდინარე, ისინი დამატებით საქართველოშივე გაივლიან გადამზადების კურსს. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული გადამზადების პროცესში, რომელიც გულისხმობს ექსტრემალურ სიტუაციაში შესაბამის ქმედებებს, გამოიყენებენ სპეციალურ სიმულატორს, რომელსაც „დოპელმაიერი“ ჩამოიტანს. ყველა
გადამზადებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ არსებული კადრების გადამზადებასთან ერთად, უნდა
მოხდეს ახალი კადრების მომზადებაც, რომელთა სერტიფიცირების პროცესში სახელმწიფოც ჩაერთვება.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, მოხდება მსოფლიოში აღიარებული კომპანიების გამოცდილების გაზიარება იმისთვის, თუ რა
ტიპის ინსპექტირება უნდა განხორციელდეს საბაგიროებზე ახალი მიდგომების შესაბამისად. როგორც „დოპელმაიერის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ეს არის მსოფლიო
პრაქტიკა და ამ გამოცდილების საქართველოში გაზიარება იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დასანერგად.
აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის მოწვევით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ასევე ჩამოვლენ კომპანია „ლაიტნერის“ წარმომადგენლებიც, რომლებიც
შეამოწმებენ ბაკურიანსა და მესტიაში მათ მიერ დამონტაჟებულ საბაგიროებს და „დოპელმაიერის“ მსგავსად, კიდევ ერთხელ გადაამზადებენ მათ მომსახურე პერსონალს.
ქართული მხარის ინიციატივით, ასევე იგეგმება „პომას“ წარმომადგენლების ვიზიტიც, რომელთა დამონტაჟებული საბაგიროებიც მუშაობს გუდაურსა და მესტიაში.

ტეგები