ირლანდიის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ოფიციალიურად დაარსდა
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2018 15:53
ირლანდიის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ოფიციალიურად დაარსდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ირლანდიის სენატის თავმჯდომარესთან დენი ოდონოვანთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შონ ო ფარელთან ერთად გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ირლანდიის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დაარსებას მიეძღვნა.

ღონისძიებაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ სიტყვით მიმართა კოლეგებს, სადაც საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მეგობრობის ჯგუფებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ საპარლამენტთაშორისო კავშირების გაძლიერებაში, ახლანდელი მოწვევის პარლამენტში განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ და ვაძლიერებთ ამ მიმართულებას“, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

მხარეებმა პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფების დღის წესრიგზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე - ეკონომიკის, განათლების, კულტურის და ტურიზმის სფეროებში. როგორც აღინიშნა, დაგეგმილია ამ მიმართულებით მუშაობის კიდევ უფრო გაძლიერება.

„მივესალმები საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფების დაარსებას. ეს არის კარგი პლატფორმა ურთიერთობებისთვის და სექტორული თანამშრომლობის განმტკიცებისთვის“, - აღნიშნა ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ირლანდიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა.

შეხვედრას ზედა და ქვედა პალატების სენატორები და დეპუტატები, საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები ასევე, ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.




 

ტეგები