სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2018 18:52
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

დღევანდელ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საკუთარი სტრატეგია და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა დოკუმენტების პრეზენტაციისას სტრატეგიის შექმნის ექვსთვიანი ისტორია და დინამიკა მიმოიხილა. მისი თქმით, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან. ჩატარდა საბაზისო კვლევა და კონსულტაციები სფეროში ჩართულ სუბიექტებთან, გაიმართა გასვლითი სხდომები და საბოლოოდ ჩამოყალიბდა დოკუმენტი, რომლითაც კომიტეტი უახლოესი სამი წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგია აერთიანებს ოთხ მიზანს და მათ მისაღწევად შესასრულებელ 12 ამოცანას. მისი თქმით, „წარმოდგენილი დოკუმენტი დაეხმარება კომიტეტს საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, ხელს შეუწყობს სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში კომიტეტის პრაქტიკულ მონაწილეობას. წარმოდგენილი სტრატეგია ასევე უზრუნველყოფს კომიტეტის კოორდინირებულ მოქმედებას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ამ სფეროში ჩართულ სხვა სუბიექტებთან“.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, სტრატეგია მოემსახურება შემდეგი მიზნების მიღწევას: კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის გაუმჯობესებას; საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისა და თანამონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებული საქმიანობის წარმართვას; კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას.

მიხეილ ყაველაშვილმა სხდომაზე ასევე წარადგინა სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურადაა გაწერილი დაგეგმილი ღონისძიებები და მათი აღმასრულებელი სუბიექტები.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგია და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდა კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის -„საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია 26 აპრილს გაიმართება.

ტეგები