რუსეთის ფედერაციის უკანანო ქმედებები არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს - სოფიო ქაცარავა
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2018 20:55
რუსეთის ფედერაციის უკანანო ქმედებები არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს - სოფიო ქაცარავა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დუბლინში ვიზიტად იმყოფება.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის - ირლანდია-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე და იმ ინსტრუმენტზე ისაუბრა, რაც ხელს უწყობს ამ პროცესს. „ საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზის ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანია ხოლო, ევროპული პერსპექტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ძალიან რეალური“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა გამოსვლისას, ხაზი გაუსვა მსოფლიო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წვლილს და როგორც განაცხადა, ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, გატაცებების, დაპატიმრებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობასა და უკანანო ქმედებებზე, რაც მისი განცხადებით, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს არღვევს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა მშვიდობიანი გზებით მოახდინოს კონფლიქტის დარეგულირება.

სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკების მნიშვნელობას, ამ ფორმატის ეფექტურობის გაზრდას და პროცესში თანათავმჯდომარეების - გაერო-ს, ევროკავშირის, ეუთო-ს და აშშ-ს როლს.

„ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვნება და სოლიდარობა ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტი თავმჯდომარეს საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ინიცირებისთვის, რომელიც ირლანდიის პარლამენტმა გასული წლის თებერვალში მიიღო და სადაც გამოხატული იყო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველო-ირლანდიის კავშირების გაძლიერებაზე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და განათლების მიმართულებით, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეებისთვის ირლანდიაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობაზე, თუ რამდენად შეუწყობს ხელს ეს ორმხრივი ურთიერთობების გამყარებას.

სოფიო ქაცარავამ საქართველოზე, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლზე და ეკონომიკის გაძლიერების თვალსაზრისით მის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, თხოვნით მიმართა ირლანდიელ კოლეგებს, მთავრობასთან ერთად, ინვესტიციების საშუალებით, ხელი შეუწყონ ეკონომიკური კავშირების გამყარებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ „Irish Footprint Program”-ის ფარგლებში მალე საქართველოშიც გაიხსნება ირლანდიის საელჩო.

სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ქვეყნის წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის, რაც მისი თქმით, ძალიან დასაფასებელი და საგულისხმოა საქართველოს პარლამენტისთვის.​

ტეგები