გასაჯაროვდება ის შენობები, რომლებშიც სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არაა
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2018 11:56
გასაჯაროვდება ის შენობები, რომლებშიც სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არაა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, სადაც არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის სამმართველო პერმანენტულად ამოწმებს ქვეყნის მასტაბით არსებულ შენობა-ნაგებობებს, რათა მოხდეს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ვითარების შესწავლა. მოწმდება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. გასულ წელს, სამმართველოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით 6 000-მდე შენობა-ნაგებობა შემოწმდა, 200-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ათასობით შენობის მეპატრონეებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. სტატისტიკით დგინდება, რომ ყოველწლიურად იზრდება ხანძრებისა და ხანძრებით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, შესაბამისად პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა შენობაში დაცული იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები", - წერია განცხადებაში.

მათივე ცნობით, საზოგადოებას აქვს უფლება, მისივე უსაფრთხოებისთვის, ფლობდეს ინფორმაციას სად არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას, სადაც არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები.

"გარდა ამისა, უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს და გამოვალთ ინიციატივით, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს სანქციები უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის,"- წერია განცხადებაში.

ტეგები