„გამოიძახეთ მენეჯერი, მიწერეთ მფლობელებს, დარეკეთ 112-ში...“
ამობეჭდვა · 31 / 03 / 2018 10:27
„გამოიძახეთ მენეჯერი, მიწერეთ მფლობელებს, დარეკეთ 112-ში...“

ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ალექსანდრე ქიქავა ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

„მოკლედ, ჩემო მეგობრებო!

სამი წლის განმავლობაში დაგვეწვა ორი სასტუმრო. თუ პირველ შემთხვევაში ის იყო კუსტარულად აშენებული გესტჰაუსი, მეორე შემთხვევაში 5-ვარსკვლავიანი კომპლექსი. ორივე ხანძრის შედეგად დავკარგეთ ბავშვები და ახალგაზრდები. რუსეთში დატრიალებული ტრაგედია გულთან ახლოს მივიტანეთ და საქართველოს ზოგ ქალაქში აქციებიც ჩატარდა. მაგრამ რა ხდება ამის შემდგომ? არაფერი. როგორც ვცხოვრობდით სახიფათო გარემოში, ისევ ვაგრძელებთ.

პრობლემა არ არის მხოლოდ სისტემაში, პრობლემა ჩვენშიცაა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, არ ვატრაკებთ, სადაც საჭიროა. ხულოს ქუჩაზე ორი კვირის წინ შევნიშნე ჩავარდნილი საკომუნიკაციო ჭა. ისე გემრიელად შეგეძლო მანდ ფეხის მოტეხვა, რომ ეგრევე დავრეკე 112-ში და ვუკარნახე მისამართი. გადავცემთო. ისევ გავიარე ორი დღის მერე და არაფერი შეცვლილა. ისევ დავრეკე. ისევ გადავცემთო. შემდეგ დღეს ისევ არაფერი არ გაუკეთებიათ და არც შემოუღობიათ. ისევ დავრეკე 112-ში და ვუთხარი რომ სოციალურ ექპერიმენტს დავდგამ და სანამ არ გააკეთებენ ყოველდღე დავურეკავ და მერე ამ ყველაფერს გამოვაქვეყნებ. იმ დღესვე მოაგვარეს. ამოძრავდა უცებ პოლიციაც და მკაცრად მოთხოვა ჭის მფლობელ კომპანიას მისი შეკეთება. საღამოს ჭა აღდგენილი იყო. არ დამეზარა. არ დამეზარა იმიტომ, რომ რომელიმე ჩემი მეგობრის ბავშვი შეიძლება ჩავარდნილიყო იმ ჭაში. ან უცნობი ადამიანი. ერთხელ მეც ჩავვარდი ისე, რომ რამდენიმე დღე ვერ დავდიოდი. გუშინ კი ახალ ამბებში წავიკითხე რომ ანგისაზე გოგო ჩავარდა გახსნილ ჭაში და მისი მდგომარეობა მძიმეა. რატომ? იმიტომ რომ იმ ჭას ყოველდღე ვიღაცა უყურებს მაგრამ არ რეკავს 112-ში და არ ბურღავს ტვინს შეკეთების მოთხოვნით. ეზარება. კიდია. არ აინტერესებს. ეგ არის არასწორი პასიური სამოქალაქო პოზიცია, რომელსაც უნდა გადავეჩვიოთ.

გუშინ მეგობარმა დაპატიჟა ჩვენი ბავშვი TbiliKids • თბილიქიდსი-ში. დაახლოებით ხუთას კვადრატზე მოწყობილია სათამაშო მოედანი პლასტმასის შემობებით, პოროლონის ბალიშებით, ატრაკციონებითა და სინთეტიკური ხალიჩით. ასევე არის კაფეც თავისი სამზარეულოთი. გავიარე, გამოვიარე, ვეძებე, და ვერც საევაკუაციო გეგმები შევნიშნე, ვერც ერთი ცალი ცეცხლმაქრი, ვერც კვამლის სენსორები, ვერც სახანძრო ხორტუმი და ვერც საევაკუაციო ნიშნები. მივწერე მათ გვერდზე და პასუხს არ მცემენ იმაზე, თუ რატომ არ არის დაცული ელემენტალური უსაფრთხოების წესები. და ვერც მივიღებ, სავარაუდოდ. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი სიტუაცია არის 90% მსგავს დაწესებულებებში. წარმოგიდგენიათ, როგორ საფრთხეს წარმოდგენს ელემენტალურად მაშხალა ან ტორტის სანთელი? მაგრამ ჩვენ ამ საშინელ სიტუაციას ვუწყობთ ხელს ჩვენი პასიურობით.

მოდით, ყველამ ერთად დავიწყოთ მსგავსი პრობლემების კონტროლი. შენიშნავთ მსგავს სიტუაციას - გამოიძახეთ მენეჯერი, მიწერეთ მფლობელებს, დარეკეთ 112-ში და, რაც მთავარია გააკონტროლეთ ყველაფერი ბოლომდე. მაგისთვის არ არის საჭირო მინისტრი იყოთ. მოქალაქეობა ნიშნავს გარკვეულ ვალდებულებებს და უფლებებს. თქვენ გაქვთ იმის უფლება, რომ მოითხოვოთ უსაფრთხო გარემო თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის. და იმის ვალდებულებაც, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი და უსაფრთხო ქვეყანა ჩაბარდეს. კვირიკაშვილი მანდ არ დადის. თქვენ დადიხართ და თქვენი ბავშვები. წარმოიდგინეთ, რა დალაგებულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, თუ დავიწყებთ ერთმანეთზე ზრუნვას.

თბილიქიდსის შემთხვევაში მოდით ვნახოთ, როგორ შეგვიძლია კონკრეტული სიტუაციის გამოსწორება. მივიტანოთ მფლობელამდე ინფორმაცია და გავაკონტროლოთ სიტუაციის გამოსწორება. გვეყოფა სულელური სიკვდილები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიწერეთ მათ გვერდზე და არ მიიყვანოთ მანდ თქვენი შვილები, სანამ არ გამოასწორებენ სიტუაციას.

P.S. ანტირეკლამა არ გეგონოთ, კარგი ცენტრია სხვა პარამეტრებით, ჩემს შვილს ძალიან მოეწონა!“- წერს ალექსანდრე ქიქავა.

ტეგები