ვაკანსიის გამოცხადებისას, შესაძლოა, სქესისა და ასაკის მითითება აიკრძალოს
ამობეჭდვა · 31 / 03 / 2018 20:36
ვაკანსიის გამოცხადებისას, შესაძლოა, სქესისა და ასაკის მითითება აიკრძალოს

ვაკანსიის გამოცხადებისას, შესაძლოა, სქესისა და ასაკის მითითება აიკრძალოს. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს შრომის კოდექსის“ ორგანულ კანონში იგეგმება.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული და უკვე ინიცირებულ კანონპროექტს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, „დამსაქმებელს არ აქვს უფლება, კანდიდატისგან მოითხოვოს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც შეეხება მის რელიგიას ან რწმენას, შეზღუდულ შესაძლებლობებს, სექსუალურ ორიენტაციას, ეთნიკურ კუთვნილებას, ორსულობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განსხვავების აუცილებლობა. კერძოდ, აღნიშნული პუნქტის მიხედვით, „დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება“.

აღნიშნული ცვლილებები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორზე გავრცელდება.

ტეგები