"ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროექტები ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით"
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2018 19:49
"ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროექტები ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით"

საქართველოს პარლამენტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულის სააგენტოს ორწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

„მე გამიჭირდება შევაჯამო ყველა ის წარმატება და შედეგი, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე არის მიღწეული, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროექტები ხორციელდება მიმდინარე პერიოდში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით,“- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მისასალმებელ გამოსვლაში.

კომიტეტის თავმჯდომარე ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტების შესახებ ისაუბრა.

„231 ისტორიულ ძეგლზე უკვე დასრულდა ან სრულდება სარეაბილიტაციო საქმიანობა საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და ბანკი „ქართუს“ თანადაფინანსებით. ასევე უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო არქეოლოგიური კვლევების პროექტებმაც. საერთო ჯამში 34 არქეოლოგიურ ექსპედიციაზე 650 ათასი ლარის დაფინანსება არის უზრუნველყოფილი. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლების რესტავრაცია დასრულებულია ან მიმდინარე წელს დასრულდება.

მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროექტები ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძეგლებზე  - აწყურის, გელათის, კუმურდოს, ნიკორწმინდის, თბილისის მეტეხის, ატენის სიონის, ანჩისხატის, მცხეთის მცირე ჯვრისა და სხვა ტაძრებსა და სამონასტრო კომპლექსებზე. სრულად არის რეაბილიტირებული ნოღას ციხე და სრულდება გეგუთის სამეფო სასახლისა და ნოქალაქევის ისტორიულ ტერიტორიაზე რესტავრაცია-კონსერვაცია და არქეოლოგიური შესწავლა. მეტწილად დასრულებულია ვარძიის გადაუდებელი გამაგრებითი პროცესი და სრულადაა რესტავრირებული 2016 წელს ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის უნიკალური კედლის მხატვრობა.

2 მეზობელ სახელმწიფოსთან - თურქეთთან და  სომხეთთან ზიარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე, დარგის სპეციალისტები უკვე შეუდგნენ ერთობლივ მუშაობას.  

განსაკუთრებული წარმატებები იქნა მიღწეული საერთაშორისო ასპარეზზე. მხოლოდ მცხეთის და გელათის დაბრუნება იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი კულტურის უწყება ყოფილიყო წარმატებული ბოლო პერიოდში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნდა მცხეთის ისტორიული ძეგლები და გელათის მონასტერი.

იუნესკოს მიერ ქართული ანბანის აღიარება ასევე ისტორიული და საამაყო მოვლენა იყო 2016 წლის ბოლოს და ჩვენ კიდევ არა ერთი მატერიალური და არამატერიალური კულტურული ძეგლების აღიარების პროცესში ვართ იუნესკოს და საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან და დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ასევე გვექნება არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება.

ეს უაღრესად დიდი მიღწევა იყო და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ უაღრესად რთულ პროცესში.“

მარიამ ჯაშმა უახლოეს პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებულ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს სააგენტოს მუზეუმების სიას გრაკლიანის არქეოლოგიური საიტის თანამედროვე მუზეუმიც შეემატება, სოფელი ჩაჟაში და მუცო უახლოეს 2 წელიწადში სრულად დაიბრუნებენ ავთენტურ იერსახეს. რეკონსტრუქცია უტარდება დადიანების სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიას ენგურჰესის  თაღოვანი  კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის უნიკალურ ტურისტულ ზონად ქცევის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული.

მარიამ ჯაშმა საქართველოს მთავრობას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,  საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნეს კომპანიებს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო უდიდესი ინვესტიციისა და თანადგომისთვის საქართველოს მთავრობას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც არიან ჩართული ჩვენი ძეგლების რეაბილიტაციის, რესტავრაციისა და შესწავლის პროცესში. ასევე მისასალმებელია მზარდი რიცხვი ბიზნეს კომპანიებისა, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეს. ბუნებრივია, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თავად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, მის ხელმძღვანელს და თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ ქართველ და უცხოელ ექსპერტს, რომლებიც განსაკუთრებით უფრთხილდებიან და იცავენ ჩვენი ისტორიის ნაკვალევს და საკუთარი კვლევებით, ექსპედიციებითა თუ აღმოჩენებით უდიდესი სიამაყის საფუძველს გვაძლევენ“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ პროცესში საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობაზე და იმ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს პარლამენტს ამ მიმართულებით აქვს.  „საკანონმდებლო ორგანის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმა გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის შეჯერება და დამტკიცება, რომელსაც ვფიქრობთ, 2018 წლის შემოდგომაზე მივიყვანთ ბოლომდე. კულტურის სამინისტროს უკვე აქვს შემუშავებული პროექტი კოდექსის, რომელიც ჩვენ არაფორმალურად გვაქვს განხილული, გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობისა ჩვენი კომიტეტის წევრების მხრიდან. საშემოდგომო სესიაზე უკვე ოფიციალურ სახეს მიიღებს კოდექსის განხილვა“.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლის ბოლოს იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც კულტურის სფეროში, ისტორიული ძეგლების დაცვის თვალსაზრისით ჯერ კიდევ არსებობს.

„მთავარი გამოწვევა კულტურის სფეროში და განსაკუთრებით ჩვენი ისტორიული ძეგლების დაცვის თვალსაზრისით იქნება კვლავაც შედარებით შეზღუდული ფინანსური რესურსები. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ მაქსიმალურად მეტი რესურსი გაჩნდეს, როგორც ფინანსური, ტექნიკური და საექსპერტო რესურსი, რომ კიდევ უფრო დიდი მასშტაბი მიიღოს მიმდინარე სამუშაოებმა და ჩვენ მხარი დავუჭიროთ იმ ხალხს, რომელმაც გადაჭარბების გარეშე უდიდესი წარმატებები მოგვიტანა ბოლო ორი წლის მანძილზე.“-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მასშტაბური სამუშაოების განხორცილებისთვის პროცესში ჩართულ ყველა თანამშრომელს და ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ წარმოგიდგენთ ორი წლის ანგარიშს და თქვენ ნამდვილად დარწმუნდებით, თუ რამდენად მასშტაბული იყო ეს საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში. მასშტაბური იყო აბსოლუტურად უპრეცედენტოდ, ბიუჯეტის მხრივ, რომელიც ამ სფეროს მოხმარდა. მეც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, ყველა პარტნიორ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციას და არ შემიძლია ცალკე არ გამოვყო და ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრა ფონდ „ქართუს“. აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო განსაკუთრებით ინტენსიური თანამშრომლობა საქართველოს საპატრიარქოსთან და მადლობა მინდა გადავუხადო მათ ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

პრეზენტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულის სააგენტოს ორწლიანი მუშაობის ანგარიშის თაობაზე სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ წარადგინა. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა განვლილი ორი წლის განმავლობაში ძეგლთა რეაბილიტაციისა და მათი ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტების, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღნუსხვა-ინვენტარიზაციის საკითხების, სამეცნიერო- არქეოლოგიური მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების, კულტურული მემკვიდრეობის მართვის გაუმჯობესების მიმართულებით ამოქმედებული ინოვაციური სისტემების, სამუზეუმო ცხოვრებაში დანერგილი თანამედროვე სტანდარტებისა და  საგამომცემლო საქმიანობის კუთხით განხორციელებული აქტივობების შესახებ. ნიკოლოზ ანთიძემ ღონისძიების მონაწილეებს სააგენტოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებებისა და შედეგების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

პრეზენტაციის პარალელურად დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა ვიზუალურ მასალას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ბეჭდური საპრეზენტაციო საშუალებებით სახით გაცნობოდა. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის,  დაგეგმილი მსხვილმასშტაბიანი პროექტების იმიტაციური გამოსახულებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კუთხით შექმნილი საიმიჯო ვიდეო რგოლები.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს გაერთიანებების, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტეგები