სოფიო ქაცარავა ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2018 11:28
სოფიო ქაცარავა ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც პარლამენტის მიერ მიღებული „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია განიხილეს.

„მოხარული, ვარ რომ ახალგაზრდებს გაინტერესებთ და გაღელვებთ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, მითუმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუციის მიზეზი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი, გახდა რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეზოლუციის მიღება ორპარტიულად მოხდა. „მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასეთ დროს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის კონსოლიდაცია, ვინაიდან ასეთი ტრაგიკული ფაქტები ყველას ტკივილი და გულისწუხილია. ოკუპირებულ და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და სიცოცხლის დაცვა ყველას პრიორიტეტია. ეს რეზოლუციაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება და აქვს ძალა ჰქონდეს პრევენციული ხასიათი“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისი შეფასებით, რეზოლუცია არის მკაცრი, პრინციპული და შედეგზე ორიენტირებული დოკუმენტი, სადაც შესულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, დოკუმენტში ასახულია ერთიანი მიდგომა, სადაც ყურადღება გამახვილებულია იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც რუსეთს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ უკანონო და ძალადობრივ ქმედებებზე ეკისრება.

„ჩვენი გუნდის მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება მოვახდინოთ, რაც პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკაზე დგას და საქართველოს უპირველეს ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მან შეხვედრისას ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში პარლამენტისა და საერთაშორისო პარტნიორობის როლზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების ფრთხილ და მშვიდობიან პოლიტიკაზე, იმ დესტრუქციული ქმედებების ფონზე, რასაც რუსეთი ახორციელებს.

„ჩვენი ერთადერთი იარაღი არის მშვიდობიანი გზით კონფლიქტით დარეგულირება, მოლაპარაკება საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში და პარტნიორების დახმარებით“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

მან მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წარმომადგენლებს შეხვედრის ორგანიზებისთვის და პოლიტიკური პროცესების მიმართ ასეთი დაინტერესებისთვის.

„მოხარული ვარ, რომ სტუდენტების მხრიდან ასეთი დაინტერესებაა პოლიტიკური პროცესების მიმართ. მე ხშირად ვხვდები სტუდენტებს და ვმართავ ძალიან საინტერესო განხილვებს მათთან. ჩემთვის დიდი პატივია, როცა ამდენ პროგრესულად მოაზროვნე სტუდენტს ვხედავ“, - მიმართა ახალგაზრდებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ტეგები