განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მუზეუმების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2018 11:36
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მუზეუმების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით და ორგანიზებით თბილისში არსებული მუზეუმების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მოწვეულ სტუმრებთან ერთად კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ესწრებოდა.

მარიამ ჯაშმა ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ბარიერზე, რომელიც მუზეუმს არ აძლევს სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის საშუალებას.

„მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმების შესახებ კანონში არსებობს ჩანაწერი სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებით, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ კანონში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობდა და გარკვეულ ბარიერს ქმნიდა როგორც სახელმწიფო დაფინანსების, ასევე საგრანტო რესურსების მოპოვების თვალსაზრისით. მაშინ როდესაც ის მასალები, რომელიც ჩვენს მუზეუმებში ინახება, არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სივრცე სამეცნიერო შრომების განვითარების კუთხით“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კომიტეტი მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მხარდაჭერაც უახლოეს პერიოდში მოხდება.

მარიამ ჯაშმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ტურისტებისთვის მიზიდვის ცენტრად გადაქცევის შესაძლებლობებზე.

მუზეუმების წარმომადგენლებმა ისაუბრეს აღნიშნულ სფეროში არსებული პრიორიტეტების, გამოწვევების შესახებ და საკუთარი მოსაზრებები, საინტერესო იდეები და წინადადებები გააცნეს დეპუტატებს, რაც მარიამ ჯაშის განცხადებით, გათვალისწინებული იქნება „მუზეუმების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობისას.



 

ტეგები