სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით 4 000 ევრო გადაუხადა
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2018 14:29
სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით 4 000 ევრო გადაუხადა

საქართველოს ხელისუფლებამ, სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა და ვანო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით 4 000 ევრო 22 თებერვალს ჩაურიცხა. ამის შესახებ "პრაიმტაიმი" წერს.

“ივანე მერაბიშვილისთვის მორალური კომპენსაციის სახით გადახდილ იქნეს თანხა 4 000 ევროს ოდენობით. თავად მომჩივანი ითხოვდა 15 000 ევროს; მისი ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით მოთხოვნილი თანხების ნაწილში მომჩივნის შუამდგომლობა სრულად იქნა უარყოფილი და ამ ნაწილში სასამართლომ კომპენსაცია მომჩივნის ადვოკატებს არ მიანიჭა. ბრიტანელი ადვოკატები ითხოვდნენ 29 775 გირვანქა სტერლინგის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ჰონორარის სახით, ხოლო ოთარ კახიძე, ასევე ითხოვდა ჰონორარის სახით სახელმწიფოსგან 43 641 აშშ დოლარის ანაზღაურებას.”- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ ანგარიშში.

ცნობისთვის, საქმეზე “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგის დიდმა პალატამ გადაწყვეტილება 2017 წლისნოემბერში გამოაქვეყნა და მერაბიშვილის მიმართ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. სასამართლომ დაადგინა, რომ მორალური კომპენსაციის სახით მერაბიშვილს სახელმწიფომ 4 000 ევრო უნდა გადაუხადოს.

 

ტეგები