პარლამენტის პლენარული სხდომა
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2018 18:41
პარლამენტის პლენარული სხდომა

პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საპარლამენტო ტრიბუნა დეპუტატებს რეგლამენტით გათვალისწინებული განცხადებებისთვის დაეთმოთ.

პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით დარეგულირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს მთავრობის სხდომაზე წარდგენილ იქნა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი სამშვიდობო ინიციატივა და ამასთან დაკავშირებით მსურს გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის განცხადებას. ეს არის ძალიან სწორი, დროული და გააზრებული ნაბიჯი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწობს ჩვენს მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედით განხორციელებას და იქნება უფრო კონკრეტული შედეგების მიღწევაზე ორიენტირებული“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა ინიციატივას, რომელიც მისივე შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, ამ ინიციატივით თანაბარი შესაძლებლობები შეექმნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ყველა იმ მიმართულებით, რაც მათ პირობებს გააუმჯობესებს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო კუთხით და საშუალებას მისცემს მათ, ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს ახლავს.

„ჩვენ დავიწყებთ ამ ინიციატივის საპარლამენტო ფორმატში განხილვას, თუმცა აქამდეც ჩართულები ვიყავით ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარე კონსულტაციებში. ეს არის სწორი ნაბიჯი და ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. მისივე მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული, პრინციპული და მშვიდობიანი მიდგომა სწორედ ასეთ ქმედებებს ეფუძნება და სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია".

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური მაჩვენებლები შეაჯამა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 4, 5 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა მაღალია და მან 4, 9 % შეადგინა, ხოლო ცალკე აღებული თებერვლის არის უფრო მაღალი - 5, 5 %, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. როგორც ბიუჯეტის დამტკიცების დროს ვამბობდით, ჩემი პროგნოზი გახლავთ, რომ 5%-იანი ზრდა გვექნება, რაც დასტურდება ამ თვეების მონაცემებით. ეს განპირობებულია იმითაც, რომ ქართული ექსპორტის ზრდა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად აჭარბებს იმპორტის ზრდას წინმსწრებად. იანვარ-თებერვალში ექსპორტი გაიზარდა 25, 5 %-ით, ხოლო იმპორტი მხოლოდ 3,3 %-ით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ინფლაცია, 2017 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობისთვის მტკივნეული პროცესი იყო, 2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კი პროცესი კარგად მიდის. ისე, როგორც ჩვენ დაგეგმილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტს და ეროვნულ ბანკს. მისივე თქმით, მიმდინარე წლის მარტში პირველად დაფიქსირდა ინფლაცია მინუს ნიშნით. ირაკლი კოვზანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ შემცირებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც სწორად დაგეგმილი მაჩვენებლების, ექსპორტისა და ტურიზმის მნიშვნელოვანი ზრდითაა განპირობებული.

მისი თქმით, ინფლაცია, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის 2017 წლის მანძილზე მტკივნეული პროცესი იყო, 2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მიდის ისე, როგორც დაგეგმილი იყო ხელისუფლების მიერ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველი კვარტლის მდგომარეობით, გეგმა გადაჭარბებულია და ყველა წარმოდგენილი პარამეტრი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ შეექმნება. „ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი ადასტურებს, რომ ჩვენ ვადგავართ სწორ გზას და სახელმწიფოს არჩეული აქვს სწორი მიმართულებები. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სწორად დაგეგმა ის მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ დეკემბრის თვეში გავაკეთეთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის წევრი ადა მარშანია გამოეხმაურა სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა საქართველოს ბოლო პერიოდის სპორტულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატზე, რომელიც სამი დღის წინ დამთავრდა, ჩვენმა ძალოსნებმა უპრეცედენტო წარმატებას მიაღწიეს და 10 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შოთა ხაბარელის თქმით, ქართველმა რაგბისტებმა მოიპოვეს ერთი თასი. „რაც ყველაზე მთავარია, ჩვენმა ახალგაზრდა რაგბისტებმა პირველად ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ამართლებენ სლოგანს - „რაგბი ჩვენი თამაშია“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა. მისივე ინფორმაციით, სულ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა თბილისის საერთაშორისო გრან-პრი ძიუდოში, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.

ქართველ სპორტსმენებს წარმატება მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. „ნამდვილად წარმატებით დაიწყო ჩვენი სპორტსმენებისთვის ეს წელი და მინდა შევუერთდე მილოცვებს. მინდა მივულოცო ჩვენს სპორტსმენებს ძალიან დიდი წარმატება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ბექა ოდიშარია გამოეხმაურა დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს. მისი მოსაზრებით, მხარდაჭერას იმსახურებს დედაქალაქის მერიის სხვადასხვა რეგულაციები და ინიციატივები, რომელიც ტრანსპორტის, ეკოლოგიის, დასუფთავების, ეკონომიკური აქტივობების კუთხით გაჟღერდა. „ვფიქრობ, რომ თითოეული ეს რეგულაცია აუცილებლად ჰპოვებს მოსახლეობის მხარდაჭერას, რადგან სიცოცხლით სავსე ქალაქი ჩვენი საამაყო ქალაქი ვერასდროს იქნება წესრიგის გარეშე“, - აღნიშნა უმრავლესობის წარმომადგენელმა.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალ ინიციატივას გამოეხმაურა. „საკითხი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა ქონების წინასწარი საკუთრების რეგისტრაციას. ნებისმიერ დევნილს ექნება საბუთი, რომლითაც საშუალება მიეცემა ჰქონდეს პრეტენზია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ამ ქონებაზე“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ. მისი შეფასებით, ეს ინიციატივა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება როგორც პოლიტიკურად, ასევე, სამართლებრივად.

პლენარულ სხდომაზე საქართვლოს მოსახლეობას მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

„დღეს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა საგადასახადო რეფორმების ახალი პაკეტის შესახებ. ის საგადასახადო რეფორმები, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა, არის „მცირე ბიზნესის გაზაფხული“ - რეალურად 5%-იანი გადასახადის შემცირება 1%-მდე, ბრუნვის ლიმიტის გაზრდა ნახევარ მილიონამდე მცირე ბიზნესისათვის, ასევე, დღეს უკვე პროცედურების გამარტივება და მცირე ბიზნესის სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაყვანა მხოლოდ ერთ დოკუმენტზე, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი შეღავათია მცირე ბიზნესისთვის. აი, ამ ცვლილებებით ეკონომიკაში ჩვენი მოქალაქეების მონაწილეობა და ჩართულობა დიამეტრალურად გაიზრდება და მცირე ბიზნესი იქნება უფრო მეტი და უფრო ძლიერი ამ ცვლილებების მიღების შემდეგ”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ტეგები