„მინდელის შახტში სეისმური ბიძგები არ დაფიქსირებულა“ - შრომის ინსპექცია
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2018 12:29
„მინდელის შახტში სეისმური ბიძგები არ დაფიქსირებულა“ - შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფი მინდელის შახტში დღეს  კიდევ ერთხელ ჩავა და შემთხვევის ადგილზე დაათვალიერებს ველსა და გვირაბს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება იმის თქმა, მოხდა თუ არა სამთო დარტყმა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა ირაკლი იობიძემ განაცხადა.

„დღეს სამუშაო ჯგუფი ისევ ვიკრიბებით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო. ვიმედოვნებთ, რომ მივალთ კონკრეტულ ადგილზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დავათვალიერებთ ადგილს, შევისწავლით სიტუაციას, ეკონომიკის სამინისტრო თავის ნაწილში, ჩვენ ჩვენს ნაწილში და ამის შემდეგ გავაგრძელებთ მოკვლევას“, – განაცხადა ირაკლი იობიძემ.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის განმარტებით, სეისმურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მინდელის შახტში სეისმური ბიძგები არ დაფიქსირებულა.

როგორც შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა აღნიშნა, შრომის ინსპექცია თანამშრომლობს ეკონომიკის სამინისტროსთან და საგამოძიებო ორგანოებთან, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, რომლებისგანაც ელოდება შესაბამის ინფორმაციას და საქმის სრულად შესწავლის შემდეგ დადებენ დასკვნას.

ცნობისთვის, 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 3 მეშახტე.

 

ტეგები