შევთხოვთ უფალს, მშვიდობა მოგვცეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს - პატრიარქი
ამობეჭდვა · 07 / 04 / 2018 13:26
შევთხოვთ უფალს, მშვიდობა მოგვცეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს - პატრიარქი

ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, მე მათგან გამიგონია, რომ ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. ინფორმაციას IPN ავრცელებს.

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დასრულდა. კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

პატრიარქის თქმით, იშვიათი შემთხვევაა, როდესაც დიდ შაბათს ხარების დღესასწაული ემთხვევა.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ეს იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული. მთავარანგელოზი გაბრიელი მოევლინა ღვთის განგებით ღვთისმშობელ დედას და მიმართა მას “გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა!” - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, ერთად ეთქვათ ღვთისმშობლისადმი ლოცვა “ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ!”. ამის შემდეგ ტაძარში მომლოცველებმა პატრიარქთან ერთად გაიმეორეს ღვთისმშობლის საგალობელი.

“ეს დღესასწაული იმდენად დიდია, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, მე გამიგონია მათგან, რომ ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, იმდენად დიდია ეს დღესასწაული. შევთხოვთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მისი მეოხებით, მისი შუამდგომლობით, მშვიდობა მოგვცეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. სულიწმინდა მოვიდეს “ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ”. ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა თქვენ, საქართველოს და მთელ მსოფლიოს”, - ბრძანა უწმინდესმა.

ტეგები