ნეტავ, რა მოსდით ადამიანებს, როცა იზრდებიან? - გია მურღულია
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2018 17:18 · 164 ნახვა
ნეტავ, რა მოსდით ადამიანებს, როცა იზრდებიან?  - გია მურღულია

კერძო სკოლა "ჰამილტონის" დირექტორი, ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია ფეისბუქის გვერდზე თავისი სკოლის მეორეკლასელ მოსწავლეებთან გამართული დიალოგის შესახებ წერს:

"წეღან მეორეკლასელებთან შევედი გაკვეთილზე. რამდენი სახეც არის, იმდენი სიხარულია. ლამაზებიც არიან და ჭკვიანებიც. გაიზარდნენო, მათმა დამრიგებელმა მითხრა. აბა, თუ გაიზარდნენ, ერთ იგავს მოვუყვები და იქნებ გამოიცნონ, რისთვის დაიწერა-მეთქი. დაცქვიტეს ყურები. მე დავიწყე:

ქსენოფმა აბანოში წასვლა გადაწყვიტა და ეზოპეს უთხრა:

- წადი და ნახე, აბანოში ბევრი ადამიანია თუ არა.
დაბრუნდა ეზოპე და უპასუხა:
- მივედი და იქ მხოლოდ ერთი ადამიანი ვნახე.
ქსენოფს გაუხარდა, წავიდა აბანოში და რას ხედავს?! - იქაურობა ხალხით არის სავსე. დაბრუნდა და ეზოპეს უსაყვედურა:
- რატომ მომატყუე?
- ტყუილი ნამდვილად არ მითქვამს. აბანოს წინ ქვა ეგდო. ვინც კი გამოიარა, ყველამ ფეხი წამოჰკრა, შეუკურთხა და გზა განაგრძო. მხოლოდ ერთი კაცი მოიქცა სხვაგვარად. ქვას ფეხი რომ წამოჰკრა, აიღო და უსაფრთხო ადგილას გადააგდო. ჰოდა, მეც ამიტომ ვიფიქრე, რომ ხალხი აქ ბევრია, მაგრამ ადამიანი მხოლოდ ეს ერთი კაცია-მეთქი.

ჩემი მეორეკლასელები დაფიქრდნენ და ცოტა ხანში ზუსტად ჩამოაყალიბეს, რაც დაინახეს ამ იგავში - ადამიანი მხოლოდ ის არის, ვინც მარტო საკუთარ თავზე არ ფიქრობსო.

ძალიან კარგები არიან! უბრალოდ - შესანიშნავები. გულით, გონებითა და ღიმილით ანათებენ.

ნეტავ, რა მოსდით ადამიანებს, როცა იზრდებიან?"

ტეგები