ვადა და მიზეზი, როცა კრედიტორი მოვალეს ვალს ვეღარ მოსთხოვს - ეს უნდა იცოდეთ
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2018 17:41 · 167 ნახვა
ვადა და მიზეზი, როცა კრედიტორი მოვალეს ვალს ვეღარ მოსთხოვს - ეს უნდა იცოდეთ

საზოგადოებისთვის ცნობილია რომ ხშირად ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ. რეალურად ასეთ დროს კრედიტორი ითხოვს ხელშეკრულებით ნაკისრი იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლის არსებობაც მოვალეს აღარც კი ახსოვდა. განმარტებას ვებგვერდი myadvokat.ge-ი აქვეყნებს.

საადვოკატო ბიუროს იურისტების განმარტებით, არ შეიძლება, რომ მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად გაუგებარი იყოს; გარდა ამისა, არის გარემოებები, რომლებიც მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იქამდე, სანამ ვალდებულებების შესრულებაზე დაიწყებენ ფიქრს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ შეზღუდულია ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში.

იმის გათვალისწინებით, რომ არ შეიძლება მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად გაურკვეველი/გაუგებარი იყოს. კანონი ადგენს ხანდაზმულობის ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც მოვალე უფლებამოსილია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.

ხანდაზმულობა ვრცელდება სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე, გარდა პირად არაქონებრივ უფლებებზე და მეანაბრეთა მოთხოვნაზე, ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრები გამო.

ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს - 10 წელს; სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს - 3 წელს; უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – 6 წელს.

იმ მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან - 3 წელია.

ცალკეულ შემთხვევებში, კანონი შეიძლება ითვალისწინებდეს ხანდაზმულობის სხვა სპეციალურ ვადებს.

თუ კრედიტორი მითითებულ ხანდაზმულობის ვადაში სათანადო ფორმით პრეტენზიას არ განუცხადებს მოვალეს, ის კარგავს მოთხოვნის უფლებას.

ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო, განეხორციელებინა ეს მოქმედება.

ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორი არ კარგავს უფლებას მიმართოს სასამართლოს თქვენ მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, განაცხადოთ, რომ კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც წარმოდგენს თქვენს მიმართ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

თუ მოქალაქე არ მიუთითებს სასამართლოს, რომ მის მიმართ არსებული მოთხოვნა ხანდაზმულია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად იმსჯელოს ხანდაზმულობის საკითხზე.

ხანდაზმულობის ვადის გასვლა იწვევს კრედიტორის მოთხოვნის გაქარწყლებას მოვალის მიმართ. თუ ასეთ პირობებში მოვალე ნებაყოფლობით შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, შემდგომში ის ვეღარ მოითხოვს უკვე შესრულებულის უკან დაბრუნებას.

ტეგები