ილიასეული სასამართლოს შენობა განადგურების პირასაა (ფოტოები)
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2018 23:59
ილიასეული სასამართლოს შენობა განადგურების პირასაა (ფოტოები)

დუშეთში მდებარე ისტორიული შენობა, რომელშიც ერთ დროს ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა განადგურების პირასაა. შენობის გადარჩენის მოთხოვნით, მთავრობის სახელზე პეტიცია შეიქმნა.

ილია 1864-1873 წლებში სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარა და დუშეთის მაზრაში ჯერ მომრიგებელ შუამავლად, შემდგომ კი დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ გაუმწესებიათ. შენობას, სადაც ილია სამართალს განსჯიდა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის ბრძანება #03/224-ის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

ეს შენობა წლებია მიტოვებულია, დღეს კი ფიზიკური განადგურების წინაშეა.

მიუხედავად იმისა, რომ შენობა კერძო საკუთრებაშია, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო უფლებამოსილია თავად მოახდინოს ძეგლის რეაბილიტაცია როდესაც ძეგლის მდგომარეობა გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს თუ კერძო მესაკუთრე აღნიშნულს ვერ უზრუნველყოფს.

"ვითხოვთ, საქართველოს მთავრობის მიერ დაუყოვნებლივ გამოძებნილი იქნას ფინანსური რესურსი ილიასეული სასამართლო შენობის გადასარჩენად!"- ამ შინაარსის პეტიცია საზოგადოების წარმომადგენლებმა შეადგინეს, ახლა მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აქტიურობა - დავუჭიროთ მხარი მოთხოვნას და ვაიძულოთ ხელისუფლება მომავალ თაობებს შემოუნახოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

პეტიციაზე ხელის მოწერა ამ ბმულზე შეგიძლიათ: ichange.gov.ge 

ტეგები