"ქართული ოცნება" ხაზს უსვამს იმას, რომ სკოლებში გაექცა სიტუაცია - დიმიტრი შაშკინი მანდატურების შესახებ კანონპროექტზე
ამობეჭდვა · 13 / 04 / 2018 18:01
"ქართული ოცნება" ხაზს უსვამს იმას, რომ სკოლებში გაექცა სიტუაცია - დიმიტრი შაშკინი მანდატურების შესახებ კანონპროექტზე

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი მანდატურების შესახებ კანონპროექტზე თავის შეახედულებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ძალიან დიდი ინტერესით გავეცანი ახალ კანონპროექტს მანდატურების შესახებ, რადგან პარლამენტში კეთდებოდა განცხადებები, რომ ამ კანონპროექტით ქართული ოცნების მთავრობა უბრუნდება პირველად რეფორმას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ 2010 წელს. მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება იმ რეფორმას, რომლის გატარებაც დავიწყე 2010 წელს.

მე რომ იმის ნახევარი დამეწერა კანონპროექტში, რაც ახლა წერია, მე ჯვარზე გამაკრავდა ის ხალხი, რომელმაც ახლა ეს კანონპროექტი შეიტანა პარლამენტში.

2 მაგალითს გეტყვით: ამ კანონპროექტის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტრო პირდაპირ მართავს მანდატურებს. მე ასეთი რამე რომ გამეკეთებინა, ის ფსევდოლიბერალები და ის “ინტელიგენცია”, რომელიც მე მლანძღავდა მანდატურების შემოყვანისთვის და ახლა სრული სიჩუმით ხვდება ამ კანონპროექტს, ის ხალხი გამაკრავდა ჯვარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ შემეყვანა სკოლებში და მეორე, ყურადღება მიაქციეთ, რომ მანდატურებს ეძლევათ ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება და სპეცსაშუალებების გამოყენების უფლება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ უკვე სახელმწიფოს არ აქვს იმედი, რომ მანდატურს არ გალახავენ სკოლაში, არ აქვს იმედი, რომ მანდატურს ისეთი ავტორიტეტი აქვს, რომ შეძლებს წესრიგის დამყარებას.

ჩვენი რეფორმის, რომელიც მე დავიწყე 2010 წელს, მთავარი ქვაკუთხედი იყო ის, რომ მანდატურებს ჰქონოდათ იმხელა ავტორიტეტი, რომ შესძლებოდათ ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე, დასჯის გარეშე, დაემყარებინათ სკოლებში წესრიგი და ჩვენ ეს შევძელით. 2010-2012 წლებში არც ერთი დაჭრა, არც ერთი ძალადობის ფაქტი საჯარო სკოლებში არ იყო !

ამ კანონპროექტით ქართული ოცნება ხაზს უსვამს იმას, რომ სკოლებში გაექცა სიტუაცია, ხაზს უსვამს იმას, რომ მანდატურები უნდა მართოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამით ქართული ოცნება არ ენდობა განათლების სამინისტროს. ფიზიკური ძალისა და სპეცსაშუალებების გამოყენების უფლების მინიჭებით, კანონპროექტის ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ მანდატურს არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია სკოლაში და აძლევს მას უფლებას, თავი დაიცვას.

სადამდე მივედით ამ 5 წელიწადში? მივედით იქამდე, რომ მანდატური იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ავტორიტეტით შეძლოს წესრიგის დამყარება, ახლა გახდა საზრუნავი, რომ პირიქით არ მიაყენონ ფიზიკური ზიანი. ეს არის ქართული ოცნება?

ძალიან მაინტერესებს ის ხალხი, რომელბმაც პირში წყალი დაიგუბეს და ჩუმად არიან, ის ე.წ. ინტელიგენცია, ფსევდოლიბერალები, რომლებიც მე მლანძღავდნენ, როდესაც წესრიგი დავამყარე სკოლებში, რატომ არიან ახლა ჩუმად?", - წერს შაშკინი ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები