ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე ქართულ საბანკო სისტემაზე გადადის - მამუკა ხაზარაძე
ამობეჭდვა · 13 / 04 / 2018 18:20
ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე ქართულ საბანკო სისტემაზე გადადის - მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე ქართულ საბანკო სისტემაზე გადადის. 

„ქართული საბანკო სისტემა არის ქართული ეკონომიკის 60%-ის პროცენტის დამფინანსებელი. ქართული საბანკო სისტემა არის არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი და გამორჩეული სისტემა. ქართულმა საბანკო სისტემამ შემოიტანა ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი და მინდა გითხრათ, რომ რეგიონში ქართულ საბანკო სისტემას აქვს ყველაზე დაბალი განაკვეთი, რომელსაც ჩვენ ვიძლევით კორპორაციებზე. უფრო მეტს გეტყვით, რომ ჩვენი დაფინანსებული კორპორაციები, ქართულ კორპორაციებზე და კომპანიებზე მაქვს საუბარი, ფინანსურად და პროცენტული თვალსაზრისით უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები, რომლითაც ისინი საქართველოში აფინასებენ დამფინანსებელს.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები. არ არსებობს ქვეყანაში განვითარებული კაპიტალური ბაზარი, არ არსებობს საფონდო ბირჟა, არ არსებობს ფონდები, ვენჩურ კაპიტალი, რომელიც იმედია შეიქმნება იმ რეფორმების შესაბამისად, რომელიც მიმდინარეობს. მაგრამ ვიმეორებ, მთელი სიმძიმე ეკონომიკის განვითარების გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე. მე დაგისახელეთ ციფრი, მარტო „თიბისი ბანკის“ მონაცემებით სამ მილიარდ ნახევარი გვაქვს ჩვენ ინვესტირებული მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებში ქართულ კომპანიებში. ამას ვაგრძელებთ.

მე ვერ გეტყვით, რატომ ვიღებთ ასეთ განცხადებას. მე ერთი რამ ვიცი, რომ საბანკო სისტემა არის სენსიტიური თემა. თუ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკაში, საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოს, საბანკო სისტემა არის ძალიან კონკურენტუნარიანი. წარმოდგენილი არის ოცზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკი. როგორც მოგახსენეთ, ორ ბანკს მსოფლიოს ხუთი კონტინეტიდან ჰყავს მოზიდული მაღალი კლასის ინვესტორები. თქვენ ეს სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ და მოგაწვდით უახლოეს მომავალში, თუ რამდენი ასეული მილიონი დოლარი შემოგვაქვს ქვეყანაში ეკონომიკის დასაფინანსებლად. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, ქვეყანაში უნდა განვითარდეს ის ადგილები, სადაც ალტერნატიული დაფინანსებები შეიქმნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი. საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ, მას ყველაფრის დაფინანსებას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
 

ტეგები